ეკატერინე ტიკარაძე: ინფექციური საავადმყოფოსთვის შენობა შეძენილია და წლის ბოლოსთვის ბატონი თენგიზი პაციენტების მიღებას შეძლებს

ინფექციური საავადმყოფოსთვის შენობა-ნაგებობა შეძენილია და იმედი მაქვს, წლის ბოლოსთვის ის იქნება ისე აღჭურვილი, რომ ბატონი თენგიზ ცერცვაძე პაციენტების ახალ შენობაში მიღებას შეძლებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „იმედის“ გადაცემაში „რა დროს ძილია?!“ განაცხადა.

მისი თქმით, წელს დაიწყეს სახელმწიფო კლინიკების ინტენსიური გაძლიერება. მინისტრმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც ამ სისტემის მთავარი ღერძი უნდა ყოფილიყო, პანდემიამდე მხოლოდ 96 საწოლით ფუნქციონირებდა. მინისტრმა ისაუბრა თბილისისა და ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოებზე, ასევე, ქუთაისში ჩხობაძის კლინიკაზე, რომელთა რეაბილიტაცია-აღჭურვაც სახელმწიფოს მიერ იგეგმება.

„ჩვენ ვმუშობთ ამ საავადმყოფოების, როგორც რეაბილიტაციაზე ასევე აღჭურვაზე და ეტაპობრივად ქსელში ჩართვაზე. დღესდღეობით, ჩვენ გვაქვს რუხის საავადმყოფო, რომელიც სრულად პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომელსაც ნებისმიერი საავადმყოფო უნდა პასუხობდეს, თუმცა ის ამ ეტაპზე კოვიდის მიმართულებით მუშაობს. ეტაპობრივად მოხდება მისი ჩართვა სხვა სამედიცინო სერვისებში. სამეგრელოსა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიას ის სრულად დაფარავს.

ასევე, დაწყებულია რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტცია და სულ რამდენიმე დღეში ჩვენ იქ პრეზენტაცია გვექნება, სადაც შენობის ნაწილი გაიხსნება, წლის ბოლოსთვის კი მოცულობითი საწოლფონდი შეიქმნება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ინფექციურ საავადმყოფოს 40 მლნ ლარამდე თანხა გასულ წელს გამოეყო.