ეკა მიშველაძემ რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ პოლიციის შენობა დატოვა

პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივნის ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილის მეუღლემ, ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ პოლიციის განყოფილება დატოვა.

ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში მიშველაძე ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოკითხეს.

როგორც მან პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, ჩადენილი დანაშაულის გამოძიება სამართალდამცავ ორგანოებს არ უნდა გაუჭირდეთ.

„გამოძიებამ დამისვა შეკითხვები, განვიხილავ თუ არა რაიმე ვერსიებს, მაგრამ მე ძალიან მიჭირს რაიმეზე ვიფიქრო. ბოლო პერიოდის განმავლობაში, ძალიან ბედნიერი ურთიერთობა გვქონდა, გვაქვს და გვექნება იმ ადამიანების სამწუხაროდ, ვინც ეს სისაძაგლე ჩაიდინა. ვერანაირ მოტივს ვერ განვიხილავ, მათ შორის, ვერც შურისძიების. ათას რამეზე ვფიქრობ, მაგრამ არ ვიცი რეალური მიზეზები“, – განაცხადა ეკა მშველაძემ.

ჟურნალისტის თქმით, მას არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალექსი პეტრიაშვილი დღეს საფლავზე მიდიოდა.

„შესაბამისად, ისიც არ ვიცი ვისთან ერთად იყო იქ. ამ დანაშაულის ჩამდენი აუცილებლად უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება პოლიტიკოსი, თუ რიგითი ადამიანი. დღისით მზისით მოხდა ეს საზარელი დანაშაული და ამისი გამოძიება პოლიციას არ უნდა გაუჭირდეს,“, – აცხადებს მიშველაძე.

თბილისში, უცნობმა პირებმა ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. შემთხვევა დღეს, საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიპეტრიაშვილზე მომხდარმა თავდასხმამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ “სუსი” უკანონო თვალთვალს არ ახორციელებს
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია პარტიის გენერალურ მდივან ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილზე მომხდარ თავდასხმას მკვლელობის მცდელობად აფასებს