ეკა ბესელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს, მის მიერ წარდგენილ დისციპლინურ საჩივრებზე რეაგირება მოახდინოს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 5, 2019 19:18

ეკა ბესელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს, მის მიერ წარდგენილ დისციპლინურ საჩივრებზე რეაგირება მოახდინოს

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს, მის მიერ წარდგენილ დისციპლინურ საჩივრებზე რეაგირება მოახდინოს.

როგორც ეკა ბესელიამ განმარტა, მან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2019 წლის 5 მარტს დისციპლინური საჩივრები გაგზავნა, რომელიც მოსამართლეების, სერგო მეთოფიშვილისა და დიმიტრი გვრიტიშვილის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს ეხება.

დეპუტატის ინფორმაციით, აღნიშნულ საჩივრებთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელმა ინსპექტორმა, ქეთევან ცინცაძემ წერილით აცნობა, რომ საბჭოს ჯერ არ მიუღია შესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე კანონით დადგენილ ვადაში ეცნობება.

ეკა ბესელიამ განმარტა, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 757-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამოუკიდებელი ინსპექტორი მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მისი მიღებიდან ორი თვეში წინასწარ ამოწმებს მის საფუძვლიანობას. ამავე კანონის 758 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, წინასწარი შემოწმების შედეგად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აფასებს მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების საფუძვლიანობასა და წინასწარი შემოწმებისათვის ამ კანონის 757 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საერთო ვადის ფარგლებში, სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების და მოსამართლისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შესახებ.

„ორგანული კანონის მიხედვით, საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადაზე მითითება კეთდება წინასწარი შემოწმებისთვის დადგენილ საერთო ვადაზე და ორგანული კანონის 757 მუხლზე. ანუ ინსპექტორის მიერ საჩივრის მიღებიდან ორი თვის ვადაში საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება დევნის დაწყების და მოსამართლისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შესახებ.

ჩემს მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საჩივარი გამოიგზავნა 2019 წლის 5 მარტს. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უკვე უნდა ჰქონდეს მიღებული გადაწყვეტილება დევნის დაწყების და მოსამართლისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შესახებ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი შეფასებით, კანონით დადგენილი ვადების დაცვა და საჩივარზე სამართლიანი და ობიექტური რეაგირება უმნიშვნელოვანესია იუსტიციის საბჭოსა და ინსპექტორის სამსახურისადმი მინიმალური ნდობის შესანარჩუნებლად.

„გასაგებია ჩვენთვის, რომ იქნება მცდელობა, იუსტიციის საბჭოს მოქმედ წევრებს შეექმნათ ყველა წინაპირობა, რომ არ მოხდეს სამართლიანი რეაგირება, მაგრამ იმ ვითარებაში, როდესაც საზოგადოების ინტერესი და დაკვირვება მიმართულია თქვენი მუშაობის მიმართ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნდობის შენარჩუნება. ის განცხადებები, რაც საჯაროდ გააკეთეს მოსამართლეებმა გადადის ეთიკის ყოველგვარ ზღვარს, დასაშვებ ფარგლებს და აშკარად არის არაკორექტული. ამ ფაქტების რეაგირების გარეშე დატოვება თავად სასამართლოს ნდობას უქმნის საფრთხეს“, – განაცხადა ბესელიამ.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ არ შეიძლება, საბჭომ დაუშვას მოსამართლეების მსგავსი ნორმებით მოქმედება.

„ჩვენ არ ვაპირებთ ამ ფაქტების დატოვებას შემდგომი გასაჩივრების გარეშე იმ შემთხვევაში, თუ ინსპექტორი და იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ მოახდენს რეაგირებას. ასეთი მოსამართლეების დატოვება სასამართლო ხელისუფლებაში არის საფრთხის შემცველი მთელი სასამართლოსთვის ნდობის თვალსაზრისით და საფრთხის შემცველია საზოგადოებისთვისაც, რომელსაც უნდა ჰქონდეს ელემენტარული განცდა სამართლიანობის. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგმართავთ, რეაგირება მოხდეს კანონით დადგენილ ვადებში და იმ სტანდარტებით, რომლითაც უნდა ხელმძღვანელობდეს თქვენი სამსახურები“, – აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 5, 2019 19:18

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics