ეკა ბესელია : ეკრანის გარდა, მირზა სუბელიანი არსად მინახავს, არც კონტექსტი ვიცი, რაზე საუბრობდა, ყველა კითხვას პასუხი უნდა გასცეს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის ჩანაწერების თაობაზე ყველაფერი უნდა გაირკვეს, რადგან დასამალი არაფერია და არავინ არავის ხელს არ დააფარებს.

როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, ყველას ინტერესებშია, რომ გამოძიება ობიექტური იყოს.

„როცა ადამიანი შანტაჟის ენით საუბრობს, მგონია, ნებისმიერი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი თავს ვალდებულად ჩათვლის, რომ გამოძიება გამჭვირვალე იყოს და ყველაფერი გარკვეული. არ ვიცი, სუბელიანის მხრიდან ადრე იყო თუ არა შანტაჟის ენა გამოყენებული და ადასტურებს თუ არა იმას, რაც თქვა. უნდა დაიკითხოს და ყველა განმარტება უნდა გააკეთოს. მას შემდეგ, რაც ამ ჩანაწერების ნამდვილობა სადაო არ გახდება, შეფასებების გაკეთება გაცილებით უფრო ადვილი იქნება. ფაქტია, რომ ადამიანი პატიმრობის ქვეშაა და შანტაჟის მიუხედავად არავინ არ შეშინებულა. კითხვები არ უნდა დაგროვდეს და უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი გაირკვეს, დასამალი არაფერია. არავინ არავის ხელს არ დააფარებს. მირზა სუბელიანს საერთოდ არ ვიცნობ, არ ვიცი, რას ეუბნება. ეკრანის გარდა, არსად არ მინახავს, არც კონტექსტი არ ვიცი, ვერ გავიგე საერთოდ რა არის. ვინმემ დაავალა და იმიტომ ახსენა, არ ვიცი? ყველა კითხვას პასუხი უნდა გასცეს. პირადად მე არც ერთი კითხვა არ მეუხერხულება. რასაც კი ამბობს, ყველაფერი გაირკვეს. რატომ ხდება, ვის ინტერესებშია, ხომ არ მოიგონა და რა ხდება, გასარკვევია. მსგავსი მეთოდები გვახსოვს და ცუდ ასოციაციებს იწვევს. განცდა, რომ არ იყოს, რაღაცას ხელს ვაფარებთ, ყველაფერი უნდა გაირკვეს“, – განაცხადა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველო ვერ იქნება ვერც მარიხუანის, ვერც სხვა ნარკოტიკული ნივთიერების მწარმოებელი, ეს იარლიყი არ შეიძლება მიეწეროს ჩვენს სამშობლოს – მარგველაშვილი
შემდეგი სტატიარიგაში ალექსანდრე ჩივაძეზე ფილმის პრემიერა შედგა