ეკა ბესელია – არ გამოვრიცხავ, იმ ადამიანებისგან შედგეს ახალი პოლიტიკური ერთობა, ვისაც მიაჩნია, რომ ქვეყანაში უნდა იყოს უკეთესი მომავალი

დღეს იკრიბება საზოგადოება, ვინც შეწუხებულია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით, ვისაც აწუხებს სამართლიანობა როგორც იდეა, რომელიც ვერ აღსრულდა, ამიტომ დღეს საზოგადოებაა მასპინძელი და არა ჩვენ პოლიტიკოსები, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ, „დაიცავი საქართველოს“ შეკრების დაწყებამდე განაცხადა.

როგოც ეკა ბესელიამ აღნიშნა, დღევანდელ შეკრების იდეა არის თავისუფლება, თანასწორობა, სამართლიანობა და ღირსება.

„შესაძლოა, ეს მოძრაობა პარტიად არ გადაკეთდეს, მაგრამ ახალი პოლიტიკური ძალა იშვას იმ ადამიანების მონაწილეობით, ვისთვისაც ეს ღირებულებები დღესაც ისევე აქტუალურია, მნიშვნელოვანია. ეს არის შემდეგი პროცესი. ამას არ გამოვრიცხავდი, მაგრამ არა ის, რომ „დაიცავი საქართველო“ გახდეს პარტია, არამედ იმ ადამიანების მონაწილეობით შედგეს ახალი პოლიტიკური ერთობა, ვისაც მიაჩნია, რომ უნდა იყოს ქვეყანაში უკეთესი მომავალი. ამ დროის ინფორმაციით, მე რაც მაქვს დღეს, თავად ეს მოძრაობა პარტიად გადაკეთებასა და ჩამოყალიბებას არ აპირებს, მაგრამ ახალი პოლიტიკური ძალა შეიძლება იშვას იმ ადამიანების მიერ, ვინც ამ იდეალებს უერთდება. დღეს აქ იწყება ძალიან მნიშვნელოვანი აქცია, დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კითხვაზე, რა გეგმები აქვს მომავალში, ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მოგვიანებით ისაუბრებს.

„მთაწმინდის არჩევნებთან დაკავშირებით მოგვიანებით გეტყვით ცემს პოზიციას. ბევრ რამეზე ვფიქრობ და საბოლოოდ ჩამოვყალიბდები. ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი ერთობა არ მექნება იმ მარტივი მიზეზების გამო, რომ ამ ადამიანის მიმართ ნდობა არ მაქვს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

რაც შეეხება კითხვას, რატომ არ არიან ამ შეხვედრაზე „დაიცავი საქართველოს“ დამფუძნებლები ზაზა შათირიშვილი, გოგა ხაინდრავა და ლევან გაჩეჩილაძე ეკა ბესელია აცხადებს, რომ არ იცის.

„არ ვიცი, ვინც მოვა, მოვა. ჩვენ ყოველთვის სოლიდარულები ვიყავით ამ იდეების მიმართ. გოგა ხაინდრავა ჩემი მეგობარია, ლევანიც და არასდროს არ ვყოფილვართ დისტანცირებული ერთმანეთისგან. დღეს შეიძლება ყველა არ იყოს და მათ შორის შეიძლება იყვნენ ისეთებიც, ვინც განსხვავებულად ფიქრობენ და განსხვავებული პოზიციები აქვთ. მთავარი ერთობა უნდა იყოს სამართლიანობასთან დაკავშირებით, მოსამართლეებთან დაკავშირებით. დღეს გაკეთდება გარკვეული გზავნილები, თუმცა არ იქნება პოლიტიკური განხილვები“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი – დათო მაღრაძემ მისვლა და მოსმენა შემომთავაზა, მივალ და მოვუსმენ
შემდეგი სტატიადავით მაღრაძე – მხნეობა არასდროს მტოვებდა და არც ახლა დამტოვებს