ებრაჰიმ რაისი – ირანის სულიერი ლიდერის დაპირებისამებრ, აგრესორი დაისაჯა

ირანის სულიერი ლიდერის დაპირებისამებრ, აგრესორი დაისაჯა, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა განაცხადა.

მისივე თქმით, ირანის მიერ ისრაელის ტერიტორიაზე დრონებითა და რაკეტებით განხორციელებული თავდასხმით, „ირანის ხელისუფლებამ ისტორიული ნაბიჯი გადადგა და ისრაელს საკადრისი გაკვეთილი ჩაუტარა“.

როგორც ებრაჰიმ რაისი ამბობს, ირანმა უკანასკნელი ათი დღის განმავლობაში არაერთხელ მიუთითა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ისრაელის მხრიდან დარღვევების შესახებ, თუმცა გაერო-ს პასუხს აშშ-ისა და ისრაელის სხვა მხარდამჭერების ზეწოლა აბრკოლებდა.

„ირანის ბრძნული და ავტორიტეტული ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავდა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვას, წარმოადგენდა მნიშვნელოვან ზომას, რომ აგრესორს პასუხისმგებლობა დაეკისროს და რეგიონში სტაბილურობა დაცული იყოს“, – ნათქვამია ირანის პრეზიდენტის განცხადებაში.

მისივე თქმით, ოპერაციის ფარგლებში ირანის სამიზნე ისრაელის სამხედრო ობიექტები იყო, რომლებიც მისი შეფასებით, საფრთხეს უქმნიან რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ებრაჰიმ რაისის განცხადებით, ირანის შეირაღებული ძალები დააკვირდებიან მოვლენების განვითარებას და სათანადო რეაგირება ექნებათ ისრაელისა და მისი მოკავშირეების ნებისმიერ პროვოკაციულ ქმედებაზე.

banner
წინა სტატიაშირიში სუნაკი – რაც ახლა გვჭირდება არის ის, რომ მშვიდმა თავებმა გაიმარჯვონ
შემდეგი სტატიაარა რუსულ კანონს! – ორშაბათს, 19:00 საათზე, აქცია ზუგდიდშიც გაიმართება