ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო თხრილები ფაქტობრივად არის ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელება

ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო თხრილები ფაქტობრივად არის ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელება და ერთ-ერთი ფორმა იმ ბარიკადების, რომლებიც წლების განმავლობაში ივლებოდა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა სოფელ არცევთან ხნულის გავლებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ამის თაობაზე გააქტიურებულია ცხელი ხაზი და კომუნიკაციაში იმყოფება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, ისევე, როგორც შესაბამისი უწყებები ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან.

მისი თქმით, ეს მოქმედება, რომელიც ხორციელდება არსებული რეჟიმის მიერ ოკუპაციის პირობებში, არ ემსახურება ადამიანის ინტერესებს.

„სოფელ არცევთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი, მაქვს კომუნიკაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან და შესაბამის უწყებებთან, ასევე ჟენევის თანათავმჯდომარეებთან. ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები ფაქტობრივად არის ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელება და ერთ-ერთი ფორმა იმ ბარიკადების, რომლებიც წლების განმავლობაში ივლებოდა. ეს ინფორმაცია უკავშირდება სოფელ არცევის სიახლოვეს. გუშინ, იმ დროს, როდესაც არცევისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა პირიქით ითხოვდა, რომ მიეცეთ შესაძლებობა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასთან გადაადგილების. უმჯობესი იქნება, გადაიდგას მოსახლეობის ინტერესების შემხვედრი ნაბიჯები და არა ამის საპირისპირო. ეს მოქმედება, რომელიც ხორციელდება არსებული რეჟიმის მიერ ოკუპაციის პირობებში, არ ემსახურება ადამიანის ინტერესებს“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

ხვალიდან ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება სოფელ არცევთან ხნულის გავლებას აპირებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასპეციალური წარმომადგენელი არის აპრობირებული პრაქტიკა