დურუჯის ღვარცოფები რომ არა, არ გვექნებოდა  ქინძმარაული!

მოაქვს ღვარი და ყრის ცოფს – მსოფლიოს არც ერთი ენა ასე ზუსტად არ გამოხატავს, ღვარცოფის მნიშვნელობას, როგორც ქართული ენა!

დიახ, მას მოაქვს ღვარი და ჰყრის ცოფს, ცოფიანივით ანგრევს და ანადგურებს. გაცოფებულ ღვარს მიაქვს სიცოცხლე და მიაქვს მოსავალი. ის არ ეპუება არაფერს, მას ვერაფერი აშინებს, მასთან ადამიანი უძლურია – „ბუნება მბრძანებელია, იგივ მონაა თავისა“, – დიახ, ასეა.

ვერსადროს წარმოვიდგენდი, ოდესმე იმ მეცნიერებთან ერთად თუ მომიწევდა მოგზაურობა, რომლებიც ღვარად წამოსულ ცოფს სწავლობენ, ცდილობენ შეაჩერონ, ცდილობენ გამოიკვლიონ. ორი დღე გავატარე ამ დარგის, მსოფლიოს 20 ქვეყნიდან საქართველოში საერთაშორისო კონფერენციაზე ჩამოსულ 200-ზე მეტ მეცნიერთან. ორი დღე ბევრი არაა, მაგრამ არც ცოტაა. ნამდვილად არ არის ცოტა იმის წარმოსადგენად, თუ როგორ ადიდდება მდინარე, როგორ შეავსებს და შემდეგ როგორ გადმოვა კალაპოტიდან, როგორ წალეკავს გზად ყველაფერს და რას დატოვებს „ნაკვალევზე“.

როდესაც მეხუთე საერთაშორისო კონფერენციის – „ღვარცოფები: რისკი, პროგნოზი, დაცვა“ –  ორგანიზატორმა და თანათავმჯდომარემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახ. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა გივი გავარდაშვილმა ორდღიან სამეცნიერო ექსკურსიაზე მიმიწვია, დიდხანს არ მიფიქრია, ისე დავთანხმდი.

და ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი – მე და თამუნა ნოსელიძე –  200 მეცნიერთან ერთად გავუდექით გზას. ჩვენ – ფოტოაპარატითა და საწერი მოწყობილობებით, მეცნიერები კი ტექნიკით „შეიარაღებულები“. სამეცნიერო ექსკურსია ორდღიანი იყო, დავიწყეთ მდინარე დურუჯით და თერგით დავასრულეთ. კახეთისკენ მიმავალ გზაზე გიდობას, კარგი მსახიობი და კარგი ადამიანი, მიშა არჯევანიძე გვიწევდა. როგორც გამოჩნდა, მიშასაც კარგად დაემუშავებინა თემა და გზად გვამცნო:

 

– საქართველოს ტერიტორიაზე მიედინება 26060 მდინარე, რომელთა საერთო სიგრძე 60000 კმ-ს აღწევს. ამ მდინარეების 99,4% მცირე სიგრძისაა (25 კმ-ზე ნაკლები). ისინი მიეკუთვნებიან ორ ძირითად აუზს, რომლებსაც ლიხის ქედი ყოფს. შავი ზღვის აუზს მიეკუთვნება 18109 მდინარე, ეს საქართველოს მდინარეთა საერთო რაოდენობის 70%-ია, ხოლო კასპიის ზღვის აუზს მიეკუთვნება 7951 მდინარე (30%). ჰიდროლოგიურად შესწავლილია 555 მდინარე შავი ზღვის აუზში და 528 მდინარე კასპიის ზღვის აუზში. ჩვენ დღეს დავათვალიერებთ მდიანრე დურუჯს. დურუჯის ისტორია ადგილობრივების მეხსიერებაში დიდ ტრაგედიებს უკავშირდება, რის გამოც ყოველ გაწვიმებას ყვარლის მოსახლეობა შიშით ხვდება. ისტორიულ წყაროებში პირველად ფიქსირდება, რომ დურუჯს ყვარელი 1832 წელს დაუნგრევია. შემდგომი ძლიერი წყალმოვარდნები 1889, 1904, 1949, 1990, 2002 წლებში მოხდა. წყალმოვარდნების მასშტაბებზე ერთ-ერთი ასეთი კატასტროფის დროს ჩამონატანი ქვაც მეტყველებს, რომლის წონაც 140 ტონაა. ეს „დიდი ქვა“, რომელიც დურუჯმა 1889 წლის წყალმოვარდნისას ჩამოიტანა, დღეს, ყვარლის ერთ-ერთი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობაა, მდებარეობს ყვარლის ჩრდილოეთით, ე.წ. ყაზარმის ტერიტორიაზე, მდ. დურუჯის მარცხენა ნაპირზე.

 

1904 წელს, ღვარცოფის მიერ ჩამონატანმა ქვა-ღორღმა მთელი ყვარელი წალეკა და სახლებიდან აკვნიანი ბავშვები გაიტაცა. აი, რას ჰყვება ამ უბედური შემთხვევის მომსწრე იური ჭავჭავაძის მეუღლე, ელენე ჭავჭავაძე: “ერთ დილით საშინლად ჩამობნელდა, შავი ღრუბლები მთლად დაბლა ჩამოწვა, შვიდი საათი იქნებოდა, ერთბაშად დაიწყო საშინელი წვიმა, გეგონებოდათ, კოკებიდან ასხამენო, ატყდა ჭექა-ქუხილი, გაისმა ხალხის საშინელი ყვირილი, წყლის მაგივრად რაღაც ტალახი მოგორავდა, თან მოაგორებდა დიდრონ ქვებს და ხალხი გამორბოდა მთლად ტალახში ამოსვრილი, საშინელი ქარი ანგრევდა იქაურობას, ნახევარი სოფელი მთლიანად მოისპო, ჩვენი მხარე გადარჩა”.

1904 წლის კატასტროფის შემდეგ, ილია ჭავჭავაძემ საკითხი სახელმწიფოს წინაშე დააყენა. 1906 წელს დურუჯზე, დიდი ილიას თაოსნობით, დამცავი დამბები აშენდა, რაც ქალაქს 1949 წლამდე იცავდა. იმ დროისთვის საიმედოდ ალაგმეს დურუჯი. მდინარის ნაპირზე აშენებულ დამბებს კი ყვარლელებმა „ილიას დამბები“ უწოდეს.

1949 წელს გაშმაგებით მოვარდნილმა დურუჯმა მთელი საბჭოთა კავშირი შეძრა. მძლავრმა ღვარცოფულმა ნაკადმა ზევიდან გადაუარა ილიასეულ დამბებს და თავს დაატყდა ყაზარმას, რომელშიც ბერლინის აღებაში მონაწილე სამხედრო-საავიაციო ნაწილი იყო განლაგებული. სულ რამდენიმე წუთის განმავლობაში სტიქიამ 56 ადამიანის, მათ შორის 54 პილოტის სიცოცხლე იმსხვერპლა. ტრაგედიის შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლებამ დურუჯზე 5,5 კმ სიგრძის, 7 მ სიმაღლისა და 2 მ სიგანის, ტრაპეციის ფორმის დამბა და მისი საძირკვლის დამცავი ნაგებობები ააშენა. დაიწყო სისტემატური გამწმენდი სამუშაოები, რაც ყოველწლიურად ნახევარი მილიონი მანეთი ჯდებოდა. ამ სამუშაოების ჩატარება 90-იან წლებში შეწყდა. იმ დროისთვის დამცავი კედელი უკვე ამორტიზებული იყო. ამჟამად, კედელი მიწაშია ჩაფლული და ალაგ-ალაგ მთლიანად დანგრეულია. ერთადერთი, რაც ამის შემდეგ გაკეთდა, ყვარლის ეკოლოგიური უბედურების ზონად გამოცხადება იყო, თუმცა ამას ადგილობრივი მოსახლეობისთვის არანაირი შვება არ მოუტანია.

მდინარე დურუჯი, ტიპიური ღვარცოფული მდინარეა. მისი სიგრძე 27 კმ, აუზის ფართობი კი 103 კმ²-ია. სათავეს კახეთის კავკასიონიდან იღებს და მდინარე ალაზანში ჩაედინება.

მიშას მონაყოლი მეცნიერებმა ვერ დაიწუნეს, კარგად გისწავლიაო, – შეაქეს. გათამამებულმა თემა განავრცო:

– როგორც უკევ გითხარით, 5,5 კმ-იანი დამბა ყვარლის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა და დღესაც ტურისტთა დიდ ინტერესს იწვევს. ასევე, დიდ ინტერესს იწვევს დურუჯის დამანგრეველი ძალის შესაჩერებლად, ამავე მდინარის ხეობაში აგებული კაშხალი. კაშხლის მონახულებისას ცხადად შეიგრძნობთ დურუჯის ველურ ძალას. რკინა-ბეტონის უზარმაზარი ნაგებობა მდინარის კალაპოტის მხარეს მთლიანად განგრეულია და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს დურუჯის მოთოკვა შეუძლებელია – ვერავინ და ვერაფერი შეძლებს ბუნების ამ შმაგი შვილის დამორჩილებას.

 

ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდ. ალაზნის მარჯვენა მხარეს, მდ. ბაწარის ხეობაში მდებარეობს ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი, რომელიც შედის ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში. დაარსებულია 1935 წელს და მისი ფართობი 2,986 ჰა-ზე მეტია. ნაკრძალში დაცულია რელიქტური ჯიშის – უთხოვრის ხელუხლებელი კორომები, რომელსაც დიდი სამეცნიერო ღირებულება აქვს. გარდა წმინდა კორომებისა, უთხოვარი შერეულია წიფლნარში. ტყეში შერეულია აგრეთვე ნეკერჩხალი, იფანი, ცაცხვი და სხვ. ნაკრძალში ტყე კარგადაა დაცული, რაც იმის შედეგიცაა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას უთხოვარი წმინდა, ანგელოზის ხედ მიაჩნდა. ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალში ძუძუმწოვრებიდან გვხვდება შველი, კვერნა, წავი, დათვი, მაჩვი, არჩვი და სხვა, ფრინველებიდან – ორბი, არწივი, შაშვი, როჭო და სხვა. ბაწარა-ბაბანაურის ტყეში არსებული უთხოვარისა და ძელქვის კორომები გერმანელმა სპეციალისტებმა შეისწავლეს. მათი დასკვნის შემდეგ, იყო საუბარი, რომ იუნესკო ბაწარა-ბაბანაურის ტყეს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანდა, როგორც მსოფლიო ეკოსისტემების ერთ-ერთ უუიშვიათეს ნიმუშს.

 

ამ კარგად გადმოცემული ისტორიის შემდეგ გთავაზობთ ძალიან საინტერესო ინტერვიუს პროფესორ გივი გავარდაშვილთან:

 

– 2018 წელს გამოვეცი წიგნი, რომელიც ეხება მდინარე დურუჯის წყალშემკრები აუზის ეკოლოგიური პროცესების პროგნოზირებას და ღვარცოფული პროცესების მართვას. ასევე ქ. ყვარლის ღვარცოფსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების ღონისძიებებს. 1905 წლის ღვარცოფმა, რომელიც ყველაზე მასშტაბური იყო, 5 კმ მანძილზე ჩამოიტანა 220-ტონიანი ქვის ლოდი. ღვარცოფული ნაკადი მაშინდელ სოფელ ყვარელში შემოვარდა და როგორც ისტორია გვამცნობს, სახლებიდან გაიტაცა აკვნები, საწოლები. აქ ადრე ყაზარმა იყო, დაიღუპა 150 ადამიანი, უმეტესწილად – სამხედრო პირი.  ღვარცოფმა გამოიტანა 1 მლნ მ3 ინერტული მასალა. რაც შეეხება ბოლო ღვარცოფს, ის 1999 წელს მოხდა, რასაც მდინარე დურუჯის კალაპოტში არსებული ღვარცოფსაწინააღმდეგო ნაგებობის, კაშხლის დანგრევა მოჰყვა. მე საუბარი მაქვს კატასტროფულ ღვარცოფებზე, თორემ აქ ყოველთვის ხდება წყალმოვარდნები, წყალდიდობები. რა ხდება ამჟამად? ამჟამად, მდ. დურუჯი დაუცველია, სამი ნაგებობა იყო აქ: ერთი – ღვარცოფული გამჭოლი ტიპისა, მეორე – ღვარცოფის მარეგულირებელი ყრუ კაშხალი, მესამე – ელასტიური ტროსებისგან შეკრული, ღვარცოფსაწინააღმდეგო. სამივე ნაგებობა მწყობრიდანაა გამოსული.

 

– უცნაური მდინარე ჩანს. რიონი ასეთი მომცრო არასდროს მინახავს, არადა, ნაკადულივით მოდის დურუჯი.

 

– მდინარე რიონი დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი წყალუხვი მდინარეა, მაგრამ ის არ არის ღვარცოფული ტიპის. ზუსტად ეს არის სხვაობა ღვარცოფული ტიპის მდინარის კალაპოტსა და ჩვეულებრივ მდინარეს შორის. ღვარცოფული მდინარე მოხეტიალეა და მუდმივი კალაპოტი არ გააჩნია. დროებითი კალაპოტი ფორმირდება იმის მიხედვით, თუ როგორ მუშაობს წყალი კალაპოტში, რომელ მხარეს ვითარდება კალაპოტური ეროზია და ღმერთმა უწყის, რა მიმართულებას აიღებს ღვარცოფული მდინარე. საქართველოში 3000-მდე ღვარცოფული ტიპის მდინარეა, მათ შორის ცენტრალური მდინარეები. დურუჯის კალაპოტი და ღვარცოფი, სამხრეთ კავკასიაში „ჩემპიონად“ ითვლება – ეს ყველაზე მძლავრი ღვარცოფია. ნიშანდობლივია, რომ ღვარცოფული ტიპის მდინარეში არასდროს არის თევზი, მასში ყოველთვისაა კოლოიდები, რომლის დიამეტრი მილიმეტრის მეათასედია, რაც ჟანგბადის ადგილს იაკვებს. ღვარცოფული ტიპის მდინარეები უჟანგბადო მდიანრეებია. საქართველოში ღვარცოფული ტიპის მდინარეებს შეგვიძლია ასეთი კლასიფიკაცია მივცეთ: პირველი – მდინარე დურუჯი, შემდეგ – თელავის ხევი, კაბალი, თურდო…  მდინარე ალაზნის მარჯვენა შენაკადების უმრავლესობა ღვარცოფული ტიპისაა.

რაც შეეხება მდინარე არაგვის წყალშემკრებ აუზს, ამ შემთხვევაში, ცალ-ცალკე უნდა განვიხილოთ ღვარცოფული მდინარეები: თეთრი (მთიულეთის) არაგვი, შავი (გუდამაყრის) არაგვი, ფშავის არაგვი და ხევსურეთის არაგვი. ოთხივე ჟინვალის წყალსაცავში ჩაედინება. უნდა გამოვყოთ თეთრი არაგვის შენაკადები, რომლის მარჯვენა მხარეს ღვარცოფული ტიპის მდინარეებია, თავისი თანმდევი არასასურველი პროცესებით. ღვარცოფული ნაკადის ფორმირებისას, ნაკადი ჩამოედინება ძირითად მდინარეებში და ტრანსპორტირებისას ქმნის  ღვარცოფულ მასას, რაც აჩქარებს წყალსაცავების სასარგებლო მოცულობის შემცირებას. ეს კი, ტავის მხრივ, ჰესების ექსპლუატაციის პერიოდს ამცირებს.

 

– ერთ-ერთი მეცნიერი საუბრობდა ქინძმარაულის შესახებ, ძალიან საინტერესო ისტორია მოვისმინე.

 

– ჩვენ გვყავდა სანკტ-პეტერბურგიდან კოლეგა, სახელმწიფო ინსტიტუტში მუშაობდა, ჩემი მასწავლებელი იური ვინოგრადოვი, რომელმაც მდინარე დურუჯის შესახებ გამოსცა წიგნი – „ეტიუდები ღვარცოფული ნაკადების შესახებ“, სადაც წერს: „რომ არ ყოფილიყო მდინარე დურუჯი და მისი ღვარცოფული ნაკადები, არ იარსებებდა ღვინო ქინძმარაული“. ღვარცოფების დროს, მდინარის წყალი, რომელიც კოლოიდების გამო შავადაა შეფერილი, გადმოდის კალაპოტიდან და სოფლის მეურნეობის სავარგულებზე მიედინება. მცირე სიჩქარის შემთხვევაში, ნალექი სოფლის მეურნეობის სავარგულებზე ილექება, ხდება მიწის გამდიდრება ბუნებრივი სასუქით, მისი დამუშავებისას კი ეს მასა ნიადაგში ჯდება. SiO2 (სილიციუმ-ო-ორი) მიწას სრულიად განსხვავებულ სტრუქტურას აძლევს.

ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე, სადაც ლექციებს ვკითხულობ, ჩემმა დოქტორანტმა, თამარ სუპატაშვილმა, დაამუშავა სადოქტორო ნაშრომი, რომელიც ორი წლის წინ დაიცვა. რაში მდგომარეობს ამ ნაშრომის სიახლე: საქართველოს სხვადასხვა რეგიონში – სიღნაღში, გორისა და ბაღდათის რაიონებში და ფოთის მიმდებარედ, ადგილობრივი ჯიშის ვენახებში კოლოიდები სხვადასხვა კონცენტრაციით შევიტანეთ. კვლევის პირველადი შედეგები ასეთია: ანალიზმა არსებულ ჯიშთან შედარებით განსხვავება მოგვცა. ე.ი. ამან შეცვალა ყურძნის ჯიში და, თავისთავად, ღვინის სტრუქტურა. კვლევები გრძელდება. გვინდა რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გავზარდოთ ქინძმარაულის ჯიშის ყურძნის მოსავალი. ეს ბიზნესსაც განავითარებს და მეტ შემოსავალსაც მოიტანს. ოთხი წელია ექსპერიმენტი მიმდინარეობს, მეხუთე წელს შედეგს დავდებთ. გარდა ამისა, გვინდა ხნვანჭკარის ღვინის ფართობებიც გავზარდოთ (ამჟამად 400 ჰექტარია) და ამ წესით მოვიყვანოთ საქართველოს სხვადასხვა მხარეში.

 

– საინტერესოა. დავუბრუნდეთ ძირითად თემას, როგორ შეიძლება დავიცვათ უსაფრთხოება ღვარცოფის დროს?

 

– ჩვენ ვიმუშავეთ პროექტზე – „თელავის უსაფრთხოების ღონისძიებები“ და შეიძლება ითქვას,  რომ თელავი დაცულია. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია გვერდითი პროცესები, თუ მოხდება მდინარის ფერდების ჩამშოვება, შეიძლება მოხდეს ბუნებრივი ზღუდარის წარმოშობა, როგორც ეს მდინარე ვერეს შემთხვევაში მოხდა. ამ ბუნებრივი ზღუდარის ნგრევისას ღვარცოფმა შეიძლება შეიცვალოს მიმართულება და მდინარის კალაპოტში კი არ წამოვიდეს, არამედ – გზაზე და  თელავს დაემუქროს.  ადამიანის უგუნური ჩარევით, პირველ რიგში, ტყის გაკაფვის შედეგად მთის ფერდობების ეროზია იწყება და ინტენსიურად ვითარდება. ეროზიის შედეგად შესაძლებელია ნაღვარეების წარმოიშვას, რაც შემდეგ ხრამებად გარდაიქმნება. ხრამების შედეგად კი ჯერ მდინარის ფერდების გამორეცხვა, შემდეგ მთლიანი ფერდების ჩამონგრევა ხდება. ზუსტად ეს პროცესი იწვევს მდინარის კალაპოტში ე.წ. ბუნებრივი ზღუდარის, ანუ კაშხლების წარმოშობას. შემდეგ დუღდება წყალი, როდესაც წყლის მოცულობა ამ ზღუდარის მოცულობას გადააჭარბებს, გამოდის წონასწორობიდან და მთლიანად, ამ წყლის მასა, ზღუდარის მასასთან ერთად, მოედინება მდინარის კალაპოტში – სწორედ ეს არის ღვარცოფული პროცესი.

 

– ილიას ზღუდარი ვნახე აქ.

– ამ ნაპირდამცავი დამბის მშენებლობაში თავად ილია მონაწილეობდა. ამიტომ, ჩვენი რეკომენდაციით და საქწყალპროექტის ინსტიტუტის დაპროექტებით, ამ დამბაზე მაღალი სიმტკიცის გრუნტის მოწყობა მოხდა, რომელზედაც დაშენდა მიწის დამბა. გარემოსდაცვითი ღონისძიებების რეგულირება ეს იმ სახელმწიფოთა პრიორიტეტია, რომელთაც მძლავრი ეკონომიკა აქვს. ღვარცოფებს რომ მასშტაბურად ვებრძოლოთ, ამას ჩვენი ეკონომიკა ვერ გასწვდება. ამიტომ, ჩვენ უნდა შევქმნათ რისკების რუკა, სადაც აღნიშნული იქნება პრიორიტეტული უბნები, სადაც გავითვალისწინებთ საშიშროებას. ღვარცოფებს ეტაპობრივად უნდა ვებრძოლოთ, მოსახლეობის უსაფრთხოების გათვალისწინებით. ყველაზე სენსიტიური უბანი, ამ შემთხვევაში, ყვარელია, სადაც დამბების მდგომარეობა არასახარბიელოა. საჭიროა ამ ნაპირდამცავი ნაგებობების რეაბილიტაცია და ეს მდინარის კალაპოტის გაღრმავებით უნდა მოხდეს, იმ მიზნით, რომ აღიკვეთოს მყარი მასალის გადადინება. კალაპოტის გაღრმავება და დამბის სიმაღლის გაზრდა ერთ-ერთი პრევენციული ღონისძიებაა ყვარელის მოსახლეობის უსაფრთხოებისათვის.

ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 35 ქვეყნის უნივერსიტეტებთან, ისეთ ქვეყნებთან, სადაც ღვარცოფული პროცესები ვითარდება: იაპონია, ჩინეთი, ავსტრია, გერმანია, საფრანგეთი, რუსეთი და ა.შ. მდინარე დურუჯის პრობლემების შესახებ პრეზენტაციები გაკეთებული მაქვს აშშ-ში, იაპონიაში, პოლონეთში, ავსტრიაში, ჩეხეთში, ინგლისსა და მსოფლიოს კიდევ 11 ქვეყანაში, ასევე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომებზე, საქართველოს მთავრობის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ტექნიკურ საბჭოზე. ვცდილობთ თავიდან ავიცილოთ ღვარცოფებისგან გამოწვეული მძიმე შედეგი, „ბუნება მბრძანებელია“, – ვნახოთ რის გაკეთებას შევძლებთ.

 

მასალა მოამზადა დარეჯან მეფარიშვილმა

 

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – სიმბოლური იქნება, ერთ-ერთი პირველი ვიზიტი მქონდეს ავღანეთში, სადაც ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან
შემდეგი სტატია“სუს-ი ამზადებს ჩემი და მიხეილ სააკაშვილის საუბრის ჩანაწერს გამოსაგდებად… რაღაც კომბინაცია სხვადასხვა საუბრების” – ნიკა გვარამია