სალომე ზურაბიშვილი – სიმბოლური იქნება, ერთ-ერთი პირველი ვიზიტი მქონდეს ავღანეთში, სადაც ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან

სიმბოლური მნიშვნელობა ექნება, ერთ-ერთი პირველი ვიზიტი მქონდეს ავღანეთში, სადაც ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ომის ვეტერანებთან შეხვედრაზე განაცხადა. ზურაბიშვილმა ვეტერანებს განუცხადა, რომ მისთვის ძალიან დიდი პატივია ამ ადამიანების წინაშე გამოსვლა.

„ქვეყანა, რომელიც პატივს არ სცემს თავის სამხედრო ძალებს, არ არის ღირსი, მომავალი ჰქონდეს. მომავალი, დამოუკიდებლობის შენარჩუნება, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, თქვენზე არის დამოკიდებული, თქვენს წარსულ ბრძოლებზე. ვიმედოვნებ, რომ არ დაგვჭირდება ახალი ბრძოლები. ეს ყველაფერი მაინც პრეზიდენტის ხელში იქნება და არ შეიძლება, პრეზიდენტს არ ჰქონდეს ძალიან კარგად იმის შეგნება, რას ნიშნავს ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, მისი მთლიანობის შენარჩუნება და აღდგენა.

ეს, ჯერ კიდევ არის ჩვენი მიზანი, რომელიც ბოლომდე არ არის მიღწეული. მიზანი დარჩება იქამდე, სანამ ჩვენს მეხსიერებაში იქნება იმ ადამიანების ხსოვნა, რომლებმაც სიცოცხლე დაკარგეს სწორედ ამ ტერიტორიებისთვის. მე გავიზარდე ემიგრაციაში, საფრანგეთში, სადაც სხვა ვეტერანებს ვიცნობდი, მაგალითად შეფიცულებს, რომლებიც საქართველოს ხსოვნას ატარებდნენ. სამწუხაროდ, მათი ბრძოლა გამარჯვებით ვერ დასრულდა, მაგრამ ისინი მაინც რჩებოდნენ იმ იდეის მემკვიდრეები და ძალიან მაღლა ატარებდნენ საქართველოს იმდროინდელ სამფერიან დროშას, რომელიც ჩემთვის დარჩება ყოველთვის ამ დროშის გვერდით, რადგან ეს ორი არის განუყოფელი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას წარმოადგენს ამ საუკუნეში. ეს არის ის ორი დროშა, რისთვისაც ღირს ამ ქვეყნის დაცვა და წარმოდგენა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ვეტერანებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალური წარმომადგენელი ეყოლებათ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი სესიაშვილი- ბრალდებულ მირზა სუბელიანთან დავით ცუხიშვილის შესვლის ნებართვა საპატიმრო დაწესებულების დირექტორმა გასცა
შემდეგი სტატიადურუჯის ღვარცოფები რომ არა, არ გვექნებოდა  ქინძმარაული!