DRI მხარს უჭერს განათლების უფლებით სარგებლობის მოთხოვნით დაწყებულ სტუდენტურ პროტესტს

2 კვირაზე მეტია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აპროტესტებენ უნივერსიტეტის გადაწყვეტილებას 2 მაისიდან სწავლების სრულად აუდიტორიებში განახლების შესახებ და ითხოვენ მიმდინარე სასწავლო წლის ჰიბრიდული სწავლებით დასრულებას.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გადაწყვეტილებამ ერთდროულად მრავალი პრობლემა წარმოაჩინა. გაუგებარია, რა გადაუდებელი აუცილებლობა დაედო საფუძვლად სასწავლო წლის დასრულებამდე 2 თვით ადრე სრულად აუდიტორიაში სწავლების განახლების გადაწყვეტილებას. აშკარაა, რომ ასე მოკლე დროით აუდიტორიებში დაბრუნება სწავლების ხარისხზე მნიშვნელოვან დადებით ზეგავლენას ვერ მოახდენდა. ადვილად გასათვალისწინებელი იყო ის გარემოებაც, რომ მაისი-ივნისის თვეებში რეგიონებში მცხოვრები ათასობით სტუდენტი თბილისში საცხოვრებლის მოძიებას ვერ მოახერხებდა, მით უფრო რუსი ვიზიტორების ნაკადის შემოსვლის გამო საცხოვრებელი ბინის ქირის ისედაც მზარდი ფასების კიდევ უფრო გაძვირების პირობებში. თუმცა უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტის პრობლემა არ გაითვალისწინა და სტუდენტური პროტესტის შემდეგაც, ამ დრომდე არ გეგმავს გადაწყვეტილების შეცვლას.
სტუდენტები და პროფესორების ნაწილი სხვადასხვა მედია საშუალებებთან საუბრობენ იმაზეც, რომ 2 მაისიდან აუდიტორიაში სწავლების სრულად აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება დემოკრატიულად და ინკლუზიურად, სტუდენტების და პროფესორების მონაწილეობით არ მიღებულა. ამ გადაწყვეტილების მიზანშეწონილობაზე, სტუდენტებისა და ლექტორების მზაობაზე დაბრუნებოდნენ აუდიტორიაში სწავლებას 2 მაისს, უნივერსიტეტში ფართო მსჯელობა არ ყოფილა.
გადაწყვეტილების მიღებამდე საუნივერსიტეტო საზოგადოების აზრის გაუთვალისწინებლობასთან ერთად, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და პირველ რიგში რექტორი, ამ პრობლემაზე სტუდენტებთან ღია დიალოგის გამართვას თავს არიდებს. ამის ნაცვლად, საპროტესტოდ შეკრებილი სტუდენტების გასაკონტროლებლად უნივერსიტეტში პოლიცია შევიდა.
2 მაისს სწავლის განახლების გადაწყვეტილებამ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული არა ერთი ბიუროკრატიული და ინფრასტრუქტურული პრობლემა გამოააშკარავა, რომელზეც სტუდენტები საუბრობენ. მათ შორის ყველაზე მწვავეა სტუდენტური საცხოვრებლის საკითხი. ახალი სტუდენტური საცხოვრებლის აშენების თაობაზე დაპირება უნივერსიტეტის რექტორმა, ხელისუფლებასთან ერთად გასცა.
არსებული პრობლემების გათვალისწინებით, აუცილებელია უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ დააკმაყოფილოს სტუდენტების სამართლიანი მოთხოვნა სასწავლო წლის ჰიბრიდულ რეჟიმში დასრულებასთან დაკავშირებით. ხოლო უნივერსიტეტში დაგროვილი სხვა სისტემური პრობლემების მოსაგვარებლად, აქამდე დამკვიდრებული დახურული, ბიუროკრატიული გადაწყვეტილებების მიღების ნაცვლად, შექმნას ღია, დემოკრატიული დიალოგის პლატფორმა სტუდენტების და პროფესორების ფართო ჩართულობით. უნივერსიტეტის იდეა გულისხმობს დემოკრატიული, აზრების გაცვლის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას და მიუღებელია უნივერსიტეტის მართვა ერთპიროვნული ან ექსკლუზიურად ერთი ბიუროკრატიული ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველის მოადგილე აცხადებს, რომ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის არასაჯარო ნაწილი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონკრეტულ პარამეტრებს შეეხება
შემდეგი სტატიაუკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტი 72 მკმ-მდე შემცირდა – Reuters