დიმიტრი საძაგლიშვილი – ლაშა ჩხიკვაძე ახალ სიმდაბლეზე დაეშვა, ფსკერი გახვრიტა – უკვე ღიად ჩაერთო „ქართული ოცნების“ მიერ დაწყებულ ანტიდასავლურ პროპაგანდაში

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე მის მიერ გაკეთებული განცხადებით „ახალ სიმდაბლეზე დაეშვა, ფსკერი გახვრიტა და ღიად ჩაერთო „ქართული ოცნების“ მიერ დაწყებულ ანტიდასავლურ პროპაგანდაში“.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებთან განაცხადა, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს გაგზავნილი ჰქონდა მოთხოვნა ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორისთვის, ნიკა გვარამიასთვის ყალბი ბრალდების საფუძველზე პატიმრობის შეფარდებით შეეცადა დაესამარებინა საქართველოს დემოკრატია და ევროპული მომავალი.

„ბუნებრივია, ყველა მოსამართლემ კარგად უნდა იცოდეს, თუ ისინი ემსახურებიან არა საქართველოს კანონმდებლობას, გადაწყვეტილებას იღებენ არა კანონის და შინაგანი რწმენის საფუძველზე, არამედ ბიძინა ივანიშვილის დავალებებს ასრულებენ, ასეთ შემთხვევაში, მათ არ უნდა ჰქონდეთ დასავლურ სიკეთეებზე წვდომის საშუალება. ნამდვილად არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი იმისა, რომ დასავლეთი ამას „გაატარებს“, იმიტომ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მხარს უჭერენ საქართველოში ერთადერთ რამეს, ეს არის დემოკრატიის განმტკიცება, რაც თავის თავში, ბუნებრივია, მოიცავს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოს.

ახლა, ამ განცხადებით ლაშა ჩხიკვაძე საერთოდ ახალ სიმდაბლეზე დაეშვა. მან ფსკერი გახვრიტა, იმიტომ, რომ თუკი აქამდე დავალება შეასრულა და ყალბი ბრალდებით დააპატიმრა ყველაზე კრიტიკული მედიასაშუალების გენერალური დირექტორი, ამ განცხადებით ის უკვე ღიად ჩაერთო „ქართული ოცნების“ მიერ დაწყებულ ანტიდასავლურ პროპაგანდაში.

[ანტიდასავლური] კამპანია დაიწყო გოგა ხაინდრავამ, მერე გააგრძელა ე.წ. ტრიომ, შემდეგ როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და სცენაზე გამოვიდნენ „ქართული ოცნების“ პარტიის ხელმძღვანელები, საკუთარი სახელით დაიწყეს დასავლეთის ლანძღვა და გადავიდნენ მოსამართლეებზე.

ლაშა ჩხიკვაძე სასამართლო კორპუსიდან პირველი აღმოჩნდა, ვინც ასეთი სამარცხვინო განცხადება გააკეთა“,- აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა საკუთარი პროპაგანდისტი სოლოვიოვი “სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის” დააჯილდოვა
შემდეგი სტატიაპროკურატურამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა