დიმიტრი ქუმსიშვილი: როგორ გგონიათ, წავედით და ვიყიდეთ მატარებელი, რომელიც გვირაბში არ ეტევა?!

ეკონომიკის მინისტრი სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს, 40 მლნ ევროდ შეძენილი ორსართულიანი მატარებელი არც ერთ გვირაბში არ ეტევა.

ქუმსიშვილის თქმით, საქართველოს რკინიგზასთან ტექნიკური შესაბამისობა სრულად შემოწმებულია და პრობლემა არ არსებობს.

“მატარებლები, რომელბიც “საქართველოს რკინიგზამ” შეიძინა, ძალიან მაღალი ხარისხისა და კლასის არის. ასეთი მატარებლები ჩვენ არ გვყოლია. ტექნიკური შესაბამისობა ჩვენს რკინიგზასთან სრულად შემოწმებულია და მოლაპარაკებები, მათ შორის ტექნიკურ დონეზე, საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობდა.

შესყიდვა არ ხდება ისე, თუ არ არის ტექნიკურ შესაბამისობაში და ტექნიკურ ნაწილში მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა.

დეტალური საბუთების მიხედვით იყო გადაწყვეტილება მიღებული და ამ მატარებლების სხვა შემთხვევაში ყიდვის დროს, ჩვენ სადღაც 4-5 მლნ დოლარით მეტის გადახდა მოგვიწევდა, რაც დღეს დავზოგეთ. ეს არის შიდა ტურიზმის განვითარებისთვის. ვიმედოვნებ, თქვენც იმგზავრებთ ამ მატარებლით.

რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურა მზადაა. როგორ გგონიათ, ჩვენ წავედით და ვიყიდეთ მატარებელი, რომელიც გვირაბში არ ეტევა?! ასეთი რამ შეიძლება იკითხო?”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს რკინიგზა: სიცრუეა, რომ ახალი მატარებლები გვირაბში ვერ გაეტევა
შემდეგი სტატია“ბრალდება, რომელიც ფარცხალაძეს წაუყენეს, სერიოზულია და აუცილებლად უნდა ყოფილიყო გამოძიებული”