“ბრალდება, რომელიც ფარცხალაძეს წაუყენეს, სერიოზულია და აუცილებლად უნდა ყოფილიყო გამოძიებული”

თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებით, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ მისი პატიმრობა იყო კანონიერი.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, თინათინ ხიდაშელმა განმარტა, რომ სტრასბურგის სასამართლომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა არა მისი პატიმრობის კანონიერება, არამედ სხვა პროცედურული საკითხი, რომელიც მერაბიშვილის დაკავებას მოჰყვა.

“ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში ფურცელზე დაწერილი, ადვილად წასაკითხი და ადვილად გასაგები ამბები, ამდენ დისკუსიას იწვევს. მათ უმრავლესობას, ვინც აზრს გამოთქვამს, ეზარება წაკითხვა და სხვის ნათქვამზე აკეთებს კომენტარს და შეფასებას. რომ წაგვეკითხა გადაწყვეტილება, ეს კითხვები არ იქნებოდა”,- განაცხადა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, პოლიტკიური პროცესია, როდესაც, როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნების პარლამენტის წევრები აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს და ამას არაფერი აქვს საერთო სამართლებრივ პროცესთან.

“პოლიტიკური განცხადებები ჩვენ ამ წლების განმავლობაში ბევრი მოგვისმენია, მათ შორის, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ამან არ შეიძლება გავლენა მოახდინოს სამართლებრივ პროცედურებზე. ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებაზე შავით თეთრზე წერია, რომ მისი პატიმრობა იყო კანონიერი.

კითხვის ნიშნის ქვეშ არის დაყენებული სხვა პროცედურული საკითხი, რომელიც ამას მოჰყვა. ამიტომ, როდესაც ადამიანის გათავისუფლება, არგათავისუფლებაზე ხდება აპელირება, ეს შეიძლება, დღის წესრიგში დადგეს მაშინ, თუ ადამიანი არის უკანონო პატიმარი. ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ითქვა, რომ ის კანონიერად დააპატიმრეს.

ხოლო ის, რომ ფარცხალაძის ეპიზოდი არის სხვაგვარად შეფასებული და ა.შ, ეს არის ცალკე საკითხები, რასაც მისი პატიმრობის კანონიერებასთან არაფერი აქვს საერთო.

ფარცხალაძის ეპიზოდთან დაკავშირებით, უმრავლესობას ცალსახა პოზიცია გვქონდა მაშინაც და იგივე წერია დღესაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში. როდესაც ასეთი განცხადება კეთდება, ჩვენ მის მთქმელს ვენდობით თუ არ ვენდობით, ის აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული. ეს არ შეიძლება იმაზე იყოს დამოკიდებული, შენი მჯერა თუ არ მჯერა. ეს არის ძალიან სერიოზული ბრალდება, რომელიც მაშინ წაუყენეს მაშინდელ პროკურორს და აუცილებლად უნდა ყოფილიყო გამოძიებული“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი: როგორ გგონიათ, წავედით და ვიყიდეთ მატარებელი, რომელიც გვირაბში არ ეტევა?!
შემდეგი სტატიათეთრიწყაროში “პატრიოტთა ალიანსის” წევრები საკრებულოს მაღალჩინოსნებმა სცემეს