დიმიტრი ხუნდაძე: პრემიერის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭო გამორჩეულად ეფექტურად მუშაობს

„სანამ ვირუსით ინფიცირების პირველი დადასტურებული შემთხვევა იქნებოდა საქართველოში და მანამდე, ვიდრე ეპიდემია პანდემიად გამოცხადდებოდა, პრემიერის ხელმძღვანელობით შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო და ის გამორჩეულად ეფექტურად მუშაობს, რაც არ არის მხოლოდ ჩემი შეფასება. თქვენ არაერთხელ მოგისმენიათ ამის თაობაზე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების და ბევრი ექსპერტის განცხადებები. ძალიან ბევრი დარგის სპეციალისტი, ჩვენს უცხოელ მეგობრებს ვგულისხმობ, ხშირად უკავშირდებიან ჩვენ ექსპერტებს, მათ შორის საკოორდინაციო საბჭოს წევრებს და ღებულობენ კონსულტაციებს. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ეს ნამდვილად ასეა, რამეთუ ქართული სტრატეგია, რაც არ უნდა კრიტიკის საგანი იყოს ოპოზიციის მხრიდან, რომელსაც ეჩქარება კრიტიკა, ვიდრე სასურველი შედეგი, ის არის გამორჩეულად შედეგიანია“, – განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ საგანგებო სესიის პლენარული სხდომაზე, სადაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე მსჯელობა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, გაზრდილი ტესტირების რაოდენობის მიუხედავად, დაინფიცირებულთა რაოდენობის ნახტომისებური ზრდა არ შეინიშნება.

„ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური დინამიკის თვალსაზრისით, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის ფუფუნებას, რომ მივეცეთ კმაყოფილებას და რეგულაციები უცბად მოვხსნათ, რაზეც აქ არის საუბარი“, – აღნიშნა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული დადებითი დინამიკა, რომელიც, საბედნიეროდ, განსხვავდება მთელი მსოფლიოს ეპიდემიოლოგიური სურათისაგან, სიმშვიდის საფუძველს არ იძლევა.

„რა თქმა უნდა, აკრძალვებმა შექმნა დისკომფორტი და გამოიწვია ძალიან ბევრი ადამიანის უკმაყოფილება. მაგრამ, სწორედ, ამ უკმაყოფილებამ, ამ დისკომფორტმა და ამ უჩვეულო ცხოვრების წესმა შეძლო ის, რომ ჩვენი ქვეყანა გამორჩეულად სასიკეთოდ გამოიყურება ეპიდემიურად და ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს რეგულაციები არის აუცილებელი და გთხოვთ, რომ ამას ნუ გახდით სპეკულაციის საგნად“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​

banner
წინა სტატიაშიფონდი „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ ცეცხლის წაკიდებით დაზიანებისა და განადგურების ფაქტზე ბრალდებულ ბ.ქ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიასასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის მოქალაქეებს გარკვეულ საათებში ავტომობილით გადაადგილების საშუალება ექნებათ