დიმა გვაზავა: „ინგუში ძმები ყველანაირად გვერდში გვიდგანან, მაგრამ ეს მიწა მათ არ გადმოუციათ“

ვინ აჩუქა ქართველებს დონის როსტოვში მიწა ეკლესიის ასაშენებლად

ინგუშმა სამოქალაქო აქტივისტმა რუსლან აუშევმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონის როსტოვში ინგუშებმა ქართველებს ეკლესიის ასაშენებლად მიწა აჩუქეს. აუშევის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით „თაიმერმაც“ მოამზადა მასალა, რასაც საზოგადოებაში დიდი და დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე დაგვიკავშირდნენ დონის როსტოვში მცხოვრები ქართველები და გვითხრეს, რომ მიწაზე, რომელიც ქართველებს გადაეცათ უკვე აშენებულია ეკლესია და ამ ეკლესიაში 2013 წლიდან აღევლინება წირვა-ლოცვა.

დონის როსტოვის ქართული სათვისტომოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი დიმა გვაზავა „თაიმერთან“ საუბარში ამბობს, რომ ინგუშები მათ გვერდში უდგანან, მაგრამ მიწა ეკლესიის ასაშენებლად მათ არ გადაუციათ.

მკითხველი რომ არ დავაბნიოთ, ყველაფერი დავიწყოთ თავიდან. აი, რას წერს სამოქალაქო აქტივისტი რუსლან აუშევი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე:

დონის როსტოვში ეთნიკური ქართველების დიდი დიასპორა ცხოვრობს. მათი არასრული დათვლებით ათობით ათასს აღემატება (ღმერთმა ქნას, მილიონამდე გახდნენ). როსტოველი ქართველების უხუცესებმა გადაწყვიტეს, ქალაქში ქართული მართმადიდებლური ეკლესია უნდა იყოს. შეუკვეთეს ესკიზი და სამუშაო პროექტი, რომელიც უმოკლეს ვადებში წარმატებით გააკეთეს. ამ ეკლესიის აღსამართად შეარჩიეს და გამოისყიდეს საუკეთესო ადგილი როსტოვის ცენტრში, ბოდრაიას ქუჩაზე. თუმცა, ქალაქის ხელისუფლებამ პროექტი მხოლოდ იმ მიზეზით არ დაამტკიცა, რომ მიწის ფართობი ეკლესიის არქიტექტურული გადაწყვეტისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ეკლესიის ასაშენებლად ქალაქში ვერ მოიძებნა შესაფერისი თავისუფალი ფართობი, რადგანაც იგი საკმაოდ მჭიდროდ არის დასახლებული.

გამოსავალი იყო მხოლოდ ერთი  -ეკლესია ქალაქის საზღვრებს გარეთ უნდა გადაეტანათ. ამ შემთხვევაში ასაკოვანი ქართველების უმეტესობა სიშორის გამო ვერ შეძლებდა ეკლესიაში სიარულს. ამ გარემოებამ სერიოზულად გააწბილა როგორც ქართული საზოგადოება, ისე მშენებლობის სპონსორები. როგორც ქართველებმა გაარკვიეს, ქალაქის ცენტრში, იმ მიწის ნაკვეთთან, რომელიც არასაკმარისი აღმოჩნდა, მდებარეობდა რამდენიმე ინგუშის სახლი. მას შემდეგ, რაც ინგუშებმა შეიტყვეს, რომ ქართული ეკლესიის ასაშენებლად მიწა არ კმაროდათ, ქართულ თემს საკუთარი ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს. შედეგად, ეკლესია შენდება და სულ მალე იქ მსახურობას ქართველი მოძღვრები დაიწყებენ. ასე ხდება, როდესაც ადამიანები სხვა ფასეულობებზე მაღლა ჭეშმარიტ ძმობას აყენებენ.

ინგუშების კეთილშობილური საქციელი ნუ გაგაოცებთ. ეს არის ურთიერთპატივისცემა, რომელიც ქართველ და ინგუშ ხალხს შორის საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა. ქართველები ყოველთვის, ინგუშებისთვის მძიმე პერიოდში, ამტკიცებდნენ თავიანთ ერთგულებას ინგუშებთან საუკუნოვანი და ნათესაობისა და ძმობის მიმართ.

მე არ დავასახელებ იმ უნგუშების სახელებს – ეს თავად მოისურვეს. დაე, უფალმა დალოცოს ისინი. დაე, თავისი მსგავსი ღირსეული შთამომავლები ჰყავდეთ“.

დონის როსტოვში მცხოვრები ქართული სათვისტომოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი დიმა გვაზავა ამბობს, რომ მას შემდეგ რაც „თაიმერში“ ეს ინფორმაცია წაიკითხეს, რუსლან აუშევთან დაკავშირებას შეეცადნენ, მაგრამ ვერ შეძლეს.

– ჩვენ გვინდოდა გაგვერკვია, თუ ვინ მიაწოდა მას არასწორი ინფორმაცია. ჩვენ ინგუშებს ძალიან დიდ პატივს ვცემთ, ისინიც ყველანაირად გვერდში გვიდგანან, მაგრამ ეს მიწა მათ არ გადმოუციათ, – ამბობს გვაზავა.

დიმა გვაზავა წარმოშობით სოხუმიდან არის. ის აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ წავიდა მშობლებთან ერთად როსტოვში საცხოვრებლად. ამბობს რომ იქ ქართული დიასპორა საკმაოდ სერიოზულად არის წარმოდგენილი.

– დონის როსტოვში 10.000-ზე მეტი ქართველი ცხოვრობს. ეს საკმაოდ დიდი ციფრია. ვცდილობთ, რომ არ დავკარგოთ ქართველობა. აქ ქართული სათვისტომო 1993 წელს შეიქმნა. რომელიც ბევრ კარგ საქმეს აკეთებს.

გახსნილი გვაქვს ქართული საკვირაო სკოლა, ქართული ცეკვის ანსამბლი და საფეხბურთო გუნდიც კი გვყავს. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ იმ თაობას, რომელიც აქ დაიბადა, არ დაავიწყდეს თავისი წარმომავლობა, -ამბობს ქართული სათვისტომოს წარმომადგენელი.

მისი თქმით, მრავალი წლის მანძილზე ოცნებობდნენ დონის როსტოვში მცხოვრები ქართველბი, რომ მათ ქართულ ეკლესიაშიც ევლოთ.

„ აქაური მეუფის და საქართველოს საპატრიარქოს დახმარებით ეს სურვილი ავიხდინეთ. თავად მეუფე მერკურმა გვითხრა, რომ მისი ოცნება იყო, ქალაქში ყოფილიყო ეკლესია, სადაც წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე აღევლინებოდა.

ქალაქის ადმინისტრაციამ ეკლესიის ასაშენებლად საკმაოდ დიდი ადგილი გამოგვიყო. უკვე ავაშენეთ დროებითი ეკლესია, სადაც წირვა-ლოცვა ქართულ და რუსულ ენაზე აღევლინება. ეს ეკლესია ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს სახელობისაა. ეკლესია 2013 წლიდან მოქმედებს.

ახლო მომავალში დავიწყებთ უფრო დიდი ეკლესიის აშენებას. გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ქართული აგურით, ქართულ სტილზე ავაშენოთ. სამტრედიაში აგურის მწარმოებლებს უკვე მივეცით შეკვეთა, _ აღნიშნავს დიმიტრი გვაზავა.

მისი თქმით, დონის როსტოვში 22 დიასპორაა და ქართველებს ყველასთან კარგი დამოკიდებულება აქვს. ინგუშებთან კი გამორჩეულად მეგობრობენ.

შორენა მარსაგიშვილი 

banner
წინა სტატიაშიეთნიკურად ჩეჩენი რამზან ახიადოვი საქართველომ რუსეთს გადასცა
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია: ადამიანი გაწირეს და რუსეთს გადასცეს მოსაკლავად