დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა 7 ფიზიკურ და 13 იურიდიულ პირზე დაიწყეს

პროკურატურის ცნობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ცრუ მეწარმეობისა და ტრანსნაციონალური ხასიათის განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა 7 ფიზიკური და 13 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო.

უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ, ფ.ნ.-მ შექმნა სტრუქტურულად მოქმედი, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანსაც საქართველოს საბაჟო საზღვარზე, დადგენილი პროცედურების გვერდის ავლით, საზღვარგარეთიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის შემოტანა და ფიქტიური საწარმოების საბანკო ანგარიშებზე განთავსების გზით, კანონიერი სახის მიცემა წარმოადგენდა.

მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედი და მატერიალურ სარგებელზე ორიენტირებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ფუნქციებში შედიოდა: სამეწარმეო განზრახვის გარეშე იურიდიული პირების შექმნა და მათი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შესრულება, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, სატრანსპორტო საშუალებებში მოწყობილი სპეციალური სამალავების მეშვეობით, საზღვარგარეთიდან საქართველოში თანხის მალულად შემოტანა, შემდგომში დანაწევრება და გამოგონილი დანიშნულებით ფიქტიური საწარმოების საბანკო ანგარიშებზე განთავსება. ასევე, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის დამზადება და მათ საფუძველზე სხვადასხვა ქვეყანაში საბანკო გადარიცხვების განხორციელება.

წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ფ.ნ.-მ ორგანიზებული ჯგუფის წევრების მეშვეობით, სამეწარმეო სუბიექტად დაარეგისტრირა ცამეტი იურიდიული პირი, რომელთაც ანგარიშები გაუხსნეს საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში.

2016-2020 წლებში, საქართველოში შეგროვებული, მათ შორის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, საზღვარგარეთიდან შემოტანილი და ნაწილობრივ სახეცვლილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი თანხა – 15 385 489.6 აშშ დოლარი, 20 786 875 ევრო და 1 268 036.6 ლარი, მისი უკანონო წარმომავლობის შესანიღბად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაანაწევრეს და გამოგონილი დანიშნულებით განათავსეს მათ მფლობელობასა და მმართველობის ქვეშ არსებული საწარმოების საბანკო ანგარიშებზე.

შემდგომში, მართლსაწინააღმდეგოდ შეკავშირებულმა პირებმა, მათ მიერ დამზადებული და საბანკო დაწესებულებებში წარდგენილი ყალბი ინვოისების და ხელშეკრულებების საფუძველზე, თითქოსდა სხვადასხვა საქონლის შეძენის დანიშნულებით, საწარმოების საბანკო ანგარიშებიდან განახორციელეს მრავალჯერადი ტრანზაქციები სხვადასხვა ქვეყანაში.

ამავდროულად, სისხლის სამართლის საქმეზე მოძიებული და დაყადაღებული იქნა დანაშაულის ორგანიზატორის ფ.ნ.-ს და მასთან დაკავშირებული პირების მიერ, სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლით შეძენილი უძრავ-მოძრავი ქონებები, კერძოდ: თბილისში მდებარე ოთხი საცხოვრებელი ბინა, ჯამში 288 კვ.მ, 155 კვ.მ. კომერციული დანიშნულების ფართი, ქვემო ქართლისა და გურიის მხარეში არსებული, ჯამში 6230 კვ.მ. სამი მიწის ნაკვეთი, რუსთავში მდებარე, სამრეწველო დანიშნულების 314 437 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა და სამი ძვირადღირებული ავტომობილი.

ამავე საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში მდებარე ერთ-ერთი ობიექტიდან ამოღებული იქნა 1 700 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხა.

2021 წლის 15 ივლისს, დანაშაულში მონაწილე 2 ფიზიკურ პირს – გ.ჩ.-ს და შ.ც.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 193-ე მუხლითა და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით, ხოლო 5 ფიზიკურ პირს – ნ.გ.-ს, ა.ა.-ს, რ.გ.-ს, გ.გ.-ს და მ.ჰ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით წარედგინათ. ამავე დღეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით სისხლისსამართლებრივი დევნა 13 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამავე საქმეზე ბრალდებულ ფ.ნ.-ს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრს – გ.ა.-ს, გ.გ.-ს, გ.ჩ.-ს, მ.ც.-ს და დ.დ.-ს, რომელთა მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარე წლის 15 ივნისს დაიწყო, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა.

ბრალდებულთა მიერ ჩადენილი ქმედება, 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- წერია უწყების განცხადებაში.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშითაბაგარი ღარიბაშვილზე: ამ კაცმაცუნას წარმოდგენა არ აქვს რა არის ევროპული ღირებულებები
შემდეგი სტატიაბოკერია მიშელის განცხადებაზე: დაგვაკლდა დრამატულობის აღქმა ვითარების, რამდენად სარისკო ვითარება არის საქართველოში