დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილებს ტექდათვალიერება 2018 წლის 1-ელი ოქტომბრიდან, ყველა მსუბუქ ავტომობილს კი – 2019 წლის 1-ელი იანვრიდან შეეხება

2018 წლის 1-ელი ოქტომბრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილებს (3.0 ძრავით და ზემოთ), 2019 წლის 1-ელი იანვრიდან კი აბსოლუტურად ყველა მსუბუქ ავტომობილს შეეხება.

კერძოდ, 4 წლამდე ავტომანქანებისთვის ინსპექტირება არ იქნება საჭირო, 4-დან 6 წლამდე – ორ წელიწადში ერთხელ, 6-დან 8 წლამდე – ორ წელიწადში ერთხელ,ხოლო 8 წლის ზემოთ ასაკის ავტომანქანებისთვის – ყოველწლიურად.

შესაბამისად, მანქანის გამოშვების თარიღის მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი მიხვდება, მოუწევს თუ არა და რა პეროდულობით ეხება მის ავტომობილს ტექნიკური ინსპექტირების გავლა.

ამასთან, რომელი კატეგორიის მანქანები რა ვადაში გაივლიან ინსპექტირებას და რა მოეთხოვებათ მათ, ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გაწერილია ტექნიკურ რეგლამენტში, რომელიც უკვე დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ. გრაფიკი გაწერილი იქნება ავტომანქანების რეგისტრაციის თარიღის (თვისა და რიცხვის) მიხედვით, რაც, პირველ რიგში, შესაბამისი ავტოსატრანსპორტოსაშუალების მფლობელებს მისცემს საკმარის ვადას, მოემზადონ ტექდათვალიერებისთვის და ასევე თავიდან აგვაცილებს რიგების წარმოქმნის რისკებს.

უფრო კონკრეტულად კი, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელმა უნდა ნახოს სარეგისტრაციო მოწმობაში მანქანის გამოშვებისა და რეგისტრაციის თარიღი. რეგისტრაციის თარიღი (თვე და რიცხვი) არის მისი ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის ბოლო ვადა. მაგალითად, თუ ავტომობილის რეგისტრაციის თარიღია 2010 წლის ნოემბერი, აღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისთვის ბოლო ვადა ტექდათვალიერების დაწყებიდან ნოემბრამდე ექნება.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკები ”ნარკოტიკულ ნემსზე” დასვეს
შემდეგი სტატიასოფიო ქაცარავა ეუთო- ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში მონაწილეობს