დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობისა და 2022 წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებს ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა მერაბ ჩუხუამ ცენტრის მიერ 2022 წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

„ჩვენ ტრადიციულად ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს ადიღეური კულტურის ცენტრის კოლექტივთან, მის ხელმძღვანელთან, ამ ურთიერთობების ტრადიცია წლებს ითვლის, შესაბამისად, კავკასიოლოგიის მიმართებით ყოველთვის ძალიან საინტერესოა ამ ცენტრთან ურთიერთობა და მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღება“,-განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ.

მერაბ ჩუხუამ სხდომაზე ყურადღება გაამახვილა ცენტრის მიმდინარე საქმიანობასა და მომავალში დაგეგმილ პროექტებზე. მისი განცხადებით, ცენტრი აგრძელებს მუშაობას ჩერქეზი ხალხის ეთნიკურ და პოლიტიკურ ისტორიასთან, ადიღეურ ენებთან, ისტორიასა და კულტურასთან დაკავშირებული პრობლემატიკის კვლევას, ქართულ-ჩერქეზული სამეცნიერო და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებისათვის ზრუნვას, სამეცნიერო, საცნობარო თუ მხატვრული ლიტერატურის თარგმნას/შექმნასა და გამოქვეყნებას.

მერაბ ჩუხუამ ყურადღება გაამახვილა იმ ნაბიჯებზე, რასაც ცენტრი ადიღეური ენის გადარჩენის და პოპულარიზაციის მიზნით ახორციელებს. მან კომიტეტის წევრებს გააცნო პროექტი „გადაშენების პირას მყოფი ჩერქეზული ენისათვის“, რომელიც ეძღვნება ჩერქეზული ენის პრობლემატიკას. მისი განცხადებით თბილისი ჩერქეზული კულტურის ცენტრი ჩერქეზული ენის დასავლურ დიალექტს, 2020 წლიდან ასწავლის. სრულყოფის პროცესშია ჩერქეზული ენის თვითმასწავლებელი, ენის შესწავლის მსურველებისთვის შექმნილია საიტი სწავლების ონლაინ ფორმატისთვის.

კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ ცენტრის საქმიანობისადმი კომიტეტის მხარდაჭერა და თანადგომის მზადყოფნა გამოხატა და კონკრეტული წინადადებებით მიმართა პროექტის გაფართოების კუთხით.

banner
წინა სტატიაშისამგორში არასრულწლოვნებს შორის სისხლიანი გარჩევის შედეგად 15 წლის მოზარდი დაიჭრა
შემდეგი სტატიაევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის და მოლდოვისთვის ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება – მეცოლა