დიალოგს არ აქვს ალტერნატივა, პარლამენტი არის ადგილი, სადაც უნდა წყდებოდეს ქვეყნის ბედი და არა ქუჩა – გიორგი გახარია

მთავრობის სხდომაზე დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწრაფი გამოსავლის პოვნაა საჭირო.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დესტრუქციულ ნაბიჯებს არ უნდა ჰქონდეს მხარდაჭერა მოქალაქეებისგან.

“ჩვენი მოქალაქეების დავალებაა პირდაპირი, რომ არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამოსავალი ძალიან მალე უნდა ვიპოვოთ.

ვიაზრებთ, რომ დესტრუქციული ქმედებები არ შეწყდება, მაგრამ უნდა შევთანხმდეთ, რომ მსგავს დესტრუქციულ ნაბიჯებს მხარდაჭერა არ ექნება და ვერ ექნება.

საქართველოს მოქალაქეებმა 9 პოლიტიკური ძალა აღჭურვა მანდატით, ეს მანდატი იყო და არის პასუხისმგებლობა ქვეყანაზე და ქვეყნის მომავალზე. უნდა გვახსოვდეს ყველას როდის გააკეთეს ეს არჩევანი მოქალაქეებმა, მაშინ, როდესაც ვირუსი მძვინვარებს, მაშინ როდესაც ეკონომიკური კრიზისი მძიმდება. ეს იყო მესიჯი საზოგადოებისგან, რომ ერთად მოუარეთ ქვეყანას და ერთად ებრძოლეთ კრიზისსო.

ყველა ძალას უნდა ესმოდეს, რომ საქართველოს მოქალაქის მანდატი იყო – ერთად მოუარეთ ქვეყანას. დიალოგს, რა თქმა უნდა, არ აქვს ალტერნატივა. ყველამ ერთად ეფექტიანად უნდა განვაგრძოთ ევროატლანტიკური მომავლისკენ სვლა.

პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც უნდა წყდებოდეს ქვეყნის ბედი და არა ქუჩა, დარწმუნებული ვარ ეს პოლიტიკურ სპექტრს კარგად ესმის.

ყველამ კარგად უნდა გაიაზროს ეს პასუხისმგებლობა,”- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველომაც რომ გამოაცხადოს ლოკდაუნი უფრო მარტივი იქნება, შემთხვევები 3000-ს გადააჭარბებს – თენგიზ ცერცვაძე
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ფეხბურთელებს, დარწმუნებული ვარ, ყველანი ერთად ვიზეიმებთ ამ გამარჯვებას