დიაკონი მამა ირაკლი ჯინჯოლავა: იმ განცხადებებსა და ქადაგებებში, რასაც საეკლესიო ხელისუფლებისგან ისმენთ, არის კი საერთოდ რამე ქრისტიანული?

“ტაძრის შესახებაც გეტყვით თქვენ, როგორ ამყარებდნენ იმედებს შეცდომაში ჩავარდნილები, საბრალონი, არა თავიანთ ღმერთზე, მათ შემოქმედზე, არამედ შენობაზე, როგორც სახლზე ღვთისა. რადგან ისინი თითქმის წარმართებივით ეთაყვანებოდნენ მას ტაძარში. უფალი კი როგორ ამბობს, როდესაც აუქმებს ტაძარს? მოისმინეთ: “ვინ გაზომა ცა მტკაველით ან დედამიწა წყრთით? განა მე არა?”, ამბობს უფალი (ესაია, 40.12), “ცა ჩემი ტახტია, დედამიწა კი ჩემს ფეხთა კვარცხლბეკი. როგორ სახლს ამიშენებთ? ან რომელი ადგილი იქნება ჩემი განსასვენებელი?” (ესაია, 66.1). იცოდეთ, რომ ამაოა მათი იმედი. ბოლოს კი ისევ ამბობს: “აი, ამ ტაძრის დამანგრეველები, ისინივე ააშენებენ მას” (შდრ. ესაია, 49.17; იერ. 52.17; 1 ეზრა, 5.12, 6.15-19; მათე, 26.61). ასეც ხდება. მათი ომის გამო, ტაძარი მტრების მიერ იქნა დანგრეული. ახლა კი თავად მტერთა მსახურები ააშენებენ მას. კვლავაც, როგორც წინასწარ ითქვა, რომ ქალაქი, ტაძარი და ისრაელის ხალხი მიცემული უნდა ყოფილიყო მტრისათვის, ეს აცხადდა. ვინაიდან ამბობს წმინდა წერილი: “და იქნება ეს უკანასკნელ დღეებში, და მისცემს უფალი თავისი საძოვრის ცხვრებს და მათ ბაკსა და კოშკს განსახრწნელად”. და მოხდა ისე, როგორც ეს უფალმა თქვა. ახლა ვიკითხოთ, თუ არსებობს ტაძარი ღვთისა. არსებობს იქ, სადაც თავად თქვა, რომ ააშენებს მას და მოაწყობს. რადგან დაწერილია: “და როდესაც კვირა დასრულდება, აშენდება ტაძარი ღვთისა დიდებულად, უფლის სახელით” (შდრ. დან. 9.24-27; ანგია, 2.6-9). მე ახლა აღმოვაჩინე, რომ ტაძარი არსებობს. როგორ “აშენდება იგი უფლის სახელით”? მოისმინეთ. სანამ ჩვენ ვირწმუნებდით ღმერთს, ჩვენი გულის სავანე ხრწნადი იყო და მყიფე, როგორც ჭეშმარიტად ხელით აშენებული ტაძარი; რადგან იგი სავსე იყო კერპთაყვანისმცემლობით და დემონთა სახლს წარმოადგენდა, რადგან ჩვენ იმას ვაკეთებდით, რაც საწინააღმდეგო იყო ღვთისა. “იგი აშენდება უფლის სახელით”. მიაქციეთ ყურადღება, რომ უფლის ტაძარი დიდებულად აშენდება. როგორ? ისმინეთ: როდესაც მივიღეთ ცოდვათა მიტევება და იმედები უფლის სახელზე დავამყარეთ, განვახლდით, კვლავ შევიქმენით ახლიდან. ამის გამო, ჩვენს სავანეში, ჩვენში ჭეშმარიტად მკვიდრობს ღმერთი. როგორ? მისი სიტყვა რწმენისა, მისი მოწოდება აღთქმისა, მისი სჯულდებების სიბრძნე, მოძღვრების მცნებები, იგი თავად წინასწარმეტყველებს ჩვენში, იგი თავად სახლობს ჩვენში, და ჩვენ, სიკვდილს დამონებულებს, გვიხსნის ტაძრის კარს, ანუ ბაგეებს, მოგვმადლებს მონანიებას და მიგვიძღვის უხრწნელი ტაძრისაკენ. ის, ვისაც სურს ცხონდეს, შესცქერის არა ადამიანს, არამედ მას, ვინც მასში სახლობს და ლაპარაკობს, და განცვიფრებულია მისით, იმით, რომ არც არასოდეს გაუგონია ამ პირიდან ასეთი სიტყვები, არც არასოდეს მოუსურვებია თავად მათი მოსმენა. სწორედ ეს არის უფლისათვის აგებული სულიერი ტაძარი.

პარნაბას ეპისტოლე, თავი XVI.

P.S. ახლა კი მითხარით: იმ განცხადებებსა და ქადაგებებში, რასაც საეკლესიო ხელისუფლებისგან ისმენთ, არის კი საერთოდ რამე ქრისტიანული? გააჩნია მას რაიმე თეოლოგიური არგუმენტაცია? მოციქული ბარნაბა თითქოს დღეს პასუხობს მათ და ამბობს: „ამყარებდნენ იმედებს შეცდომაში ჩავარდნილები, საბრალონი, არა თავიანთ ღმერთზე, მათ შემოქმედზე, არამედ შენობაზე“-დიაკონი, მამა ირაკლი ჯინჯოლავა

banner
წინა სტატიაშიილია მეორე: უნდა გვახსოვდეს, რომ უღვთოდ არაფერი ხდება
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე : დრო არ ითმენს, ვიმოქმედოთ პრინციპულად