დღეს “თაიმერმა” სასოწარკვეთილი ადამიანის წერილი მიიღო

taimeriდღეს “თაიმერმა” სასოწარკვეთილი ადამიანის წერილი მიიღო (შესაძლებელია იგი მასმედიის სხვა საშუალებებსაც გაეგზავნა), რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ.
წერილის ავტორთან დაკავშირების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ კოორდინატების გადმოსაცემად.
გამარჯობა. მოგმართავთ სასოწარკვეთილი. 86 წლის ბაბუაჩემი ეროვნებით ქართველია, აფხაზეთიდან დევნილი, საქართველოს და აფხაზეთის დამსახურებული მასწავლებელი, 40 წლის მანძილზე სკოლის დირექტორი იყო. ბაბუა -შალვა ილარიონის ძე შელია სოხუმის მე-16 და მე-19 სკოლების დირექტორად მუშაობდა 1993 წლამდე. აფხაზეთის ომის დროს რუსეთში წავიდა, ლეგალიზება გაიკეთა – მოქალაქეობა შეიცვალა. ის გასულ ზაფხულს სამშობლოში, საქართველოში დაბრუნდა (მისი სიტყვებით რომ ვთქვა, დაბრუნდა იმისათვის, რომ სამშობლოში მომკვდარიყო). მოქალაქეობის გამოცვლა ვერ მოასწრო, სადაზღვევო კომპანიებმა კი ამ ასაკში უარი უთხრეს დაზღვევაზე. საქართველოში ხომ ყველა საავადმყოფო კერძოა და სადაზღვევო სისტემა მუშაობს.
2016 წლის 4 მარტს სასწრაფო დახმარების მეშვეობით მძიმე მდგომარეობაში თბილისის საქალაქო მე-5 საავადმყოფოში (თემქა) მოხვდა. მას სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა, თუმცა მოქალაქეობის არქონის გამო, მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, პაციენტს 10 საათი, სანამ ოჯახმა საავადმყოფოს 2000 ლარი არ გადაუხადა, არ მიხედეს. მე მაიძულეს ხელი მომეწერა ლოკალურ შეთანხმებაზე (ქართულ დამწერლობაში ცუდად ვერკვევი) ისე, რომ არ გამაფრთხილეს, რომ ოჯახს ავადმყოფის შემდგომი მკურნალობა დღე-ღამეში 300 ლარი დაუჯდებოდა. ქვედა ყბის ჩირქოვანი ფლეგმონის ოპერაციის მეორე დღეს ბაბუას მდგომარეობა გართულდა იშემიური ინსულტით (შესაძლებელია, სასწრაფო ოპერაციის გადადების გამო). დღეს, 2016 წლის 21 მარტს მრიცხველი უკვე ჩართულია. საავადმყოფოს ადმინისტრაციასთან ყველა მოლაპარაკება ავადმყოფის სახლის პირობებში მკურნალობის შესახებ, რომელიც მაქსიმალურად იქნება მიახლოვებული საავადმყოფოს პირობებს (პლუს ჩვენს ოჯახში პროფესიონალი ექიმები არიან), უშედეგო აღმოჩნდა. ბაბუა მძიმე მდგომარეობიდან გამოვიდა ოპერაციის შედეგად. ქირურგს ავადმყოფთან პრეტენზია არა აქვს, ბაბუა დამოუკიდებლად სუნთქავს, თუმცა მაინც სასუნთქ აპარატზე აერთებენ, რომ ფულები “ამოტუმბონ”. დავრეკეთ სხვა საავადმყოფოებში, ყველას უკვირს ასეთი ფაშიზმი. ადმინისტრაციაში ჩვენი ნდობით აღჭურვილი დიპლომირებული რეანიმატოლოგები გავაგზავნეთ – ყველას უარს ეუბნებიან. ბაბუას სიკვდილს სტაციონარში ელოდებიან, რომ მისი ოჯახიდან მეტი ფული „ამოტუმბონ’. მიმდინარე მომენტში ის რეანიმაციაში ყავთ (განყოფილების გამგე – ხათუნა ჯაფარიძე).
შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს ვერ ვხედავ. ასეთი „კოსმიური“ თანხა ჩვენს ოჯახს არა აქვს. შეთანხმება ისეა შედგენილი, რომ იურიდიულად შეუძლიათ ბინა წაგვართვან.
საქართველოს და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროებში წერილები გაგზავნილია. პასუხს ველოდებით. დრო მიდის.
ჩვენი იმედი მხოლოდ პრესა და ტელევიზიაა.
მადლობა. ძალიან დიდი ადამიანური მადლობა თუკი რაღაცით მაინც დაგვეხმარებით.
პატივისცემით,
პაციენტის შვილისშვილი,
ირაკლი მარღანია.
21.03.16.

 

banner
წინა სტატიაშითბილისის აეროპორტში „მასტერას“ ექსტრადიცია მოხდება
შემდეგი სტატიაApple-მა iPhone SE-ი წარმოადგინა