“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მათი ინფორმაციით დღეს კანცელარიაში დაბარებული ჰყავთ ბიზნესმენები, რომლებსაც შეხვედრაზე რუსული კანონის მხარდაჭერას აიძულებენ.
ხაბეიშვილი ბიზნესმენებს მიმართავს და ამბობს, რომ დღეს არის გადამწყვეტი დრო, როცა მათ მარტივი არჩევანი უნდა გააკეთონ ივანიშვილსა და საქართველოს შორის.
“დღეს, ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 4-5 საათისთვის, კანცელარიაში დაბარებული ჰყავთ ბიზნესმენები, ეს ბიზნესმენები დაიბარეს იმიტომ, რომ ვისაც ჯერ არ გამოუხატავს მხარდაჭერა, აიძულონ, რომ რუსული კანონი დაიცვან, მხარი დაუჭირონ და უარი თქვენ ევროპაზე. შესაბამისად, გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ ბიზნესმენებს მოსთხოვენ და დაავალებენ, რომ მათი ოჯახის წევრები, შვილები, მეუღლეები, დები, ძმები, არ ვიცი, ბიძაშვილ-მამიდაშვილები, ნათესავები, რომლებიც აქტიურად დადიან, ცხადია, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, აღარ იარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეექმნებათ პრობლემები. და ასევე, ამ ბიზნესმენებს დღეს აპირებენ მოსთხოვონ, რომ მათ დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლები და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც, ცხადია, დადიან “არა რუსულ კანონს” აქციაზე და “კი ევროპას”, მშვიდობიან მანიფესტაციებში იღებენ მონაწილეობას, უნდათ, რომ ამ ბიზნესმენებს უთხრან, რომ აიძულონ მათი თანამშრომლები, რომ არავინ აქციაზე არ წავიდეს. მე მინდა მივმართო მათ შორის იმ ბიზნესმენებს, ვინც დღეს იქნებიან შეხვედრაზე. უნდა გესმოდეთ, რომ საქართველოს ეკონომიკა დგას დასავლეთზე, ევროპაზე. თქვენი ბიზნესების უდიდესი ნაწილი პირდაპირ დაკავშირებულია და მიბმულია დასავლეთზე და ევროპაზე. უნდა გესმოდეთ, რომ დღეს არის გადამწყვეტი დრო, როცა თქვენ მარტივი არჩევანი უნდა გააკეთოთ – ივანიშვილსა და საქართველოს შორის,” – ამბობს ხაბეიშვილი.
მან სოლიდარობა გამოუცხადა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულებსაც და აღნიშნა, რომ ყველაფერი შეთანხმებულად, “გომელაურის, ხარაზიშვილის, ივანიშვილის დავალებით ხდება.”
“მხარდაჭერა მინდა გამოვუცხადო ყველა უკანონოდ დაკავებულს, ვინც საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვის. ასევე, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ყველას, ვისაც, ფაქტობრივად, ოჯახებში, სახლებში უვარდებიან და ფიზიკურად უსწორდებიან. ისე, როგორც მათ სჩვევიათ – ლაჩრულად, ცხადია, მიპარვით. რამდენიმე ადამიანის მიერაა დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობები და ასევე, არ შემიძლია არ გამოვეხმაურო TV პირველთან განვითარებულ მოვლენებს, როცა, ფაქტობრივად, აღიარებს სისტემა, რომ არ არსებობს არანაირი სამართალდამცავი ორგანო, არ არსებობს არანაირი პოლიცია და ეს ყველაფერი ცხადია შეთანხმებულად, გომელაურის, ხარაზიშვილის, ივანიშვილის დავალებით ხდება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ესმოდეს, რომ ცინიზმის მწვერვალია, ჩემო ძვირფასებო, ხალხზე ზრუნვის სახლით, თურმე ეს კანონი ხალხს სჭირდება და ხალხს რომ სჭირდება ამიტომ დასდევენ ქუჩებში ადამიანებს. ამიტომ სცემენ ახალგაზრდებს, უვარდებიან ოჯახებში, ამიტომ ურეკავენ პენსიონერ დედებს, მშობლებს, პატარა ბავშვებს და აგინებენ, ლანძღავენ და აშინებენ, რომ თქვენს შვილს მოგისვენებთ და ვიღაცას დავჭრით, მოვკლავთ, ავკუწავთ. ეს თურმე ხალხზე ზრუნვა ყოფილა. ასე გვეუბნება ივანიშვილი,” – განაცხადა ხაბეიშვილმა.