დეპუტატ თამარ ხულორდავას მანქანის დაზიანების ბრალდებით დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

დეპუტატ თამარ ხულორდავას მანქანის დაზიანების ბრალდებით დაკავებული ზაზა ბერიკაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ბერიკაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა თელავის რაიონულ სასამართლოში დღეს გაიმართა.

მოსამართლე მამუკა წიკლაურმა პროკურატურის შუამდგომლობა, ბრალდებულის პატიმრობაში დარჩენასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა და ის ხუთი ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა.

თელავის რაიონულ სასამართლოში პროცესზე ბრალდებული დარბაზში ტრანსფარანტებით ხელში მივიდა. ზაზა ბერიკაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ზაზა ბერიკაშვილი გასული წლის 16 დეკემბერს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს თელავში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, აქციის დროს დააკავეს. მას ბრალი დეპუტატ თამარ ხულორდავას მანქანის დაზიანებისთვის, სსსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც წინააღმდეგობის გაწევას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ გულისხმობს.

ბერიკაშვილის საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 12 თებერვალს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე – „ოპიკის“ 50-მილიონიანი დაფინანსება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აშშ-სთვის საქართველო სანდო პარტნიორია
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე-ანრი ოხანაშვილის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ წარდგენის გადაწყვეტილება ძალიან დიდი უმრავლესობით იქნა მიღებული