მამუკა ბახტაძე – „ოპიკის“ 50-მილიონიანი დაფინანსება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აშშ-სთვის საქართველო სანდო პარტნიორია

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ურთიერთობებში ეკონომიკური განზომილება უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციასა (OPIC) და „პეის ჯგუფ“ შორის 50-მილიონიანი ხელშეკრულების გაფორმებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა.

პროექტის ფარგლებში, ფოთში ახალი პორტი და ტერმინალი აშენდება.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, ვინაიდან საქართველოს რეგიონის ეკონომიკურ ცენტრად გარდაქმნის პროცესში ლოგისტიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

„ეს იქნება თანამედროვე სატერმინალო კომპლექსი, რომელიც მასშტაბურ ცვლილებებს მოუტანს ქვეყნის და რეგიონულ ეკონომიკას. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული პროექტი გახდება ერთ-ერთი სამაგალითო არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთლიანად რეგიონში. ამერიკის მთავრობის საფინანსო ინსტიტუტის მონაწილეობა ამ პროექტში და ამერიკის შეერთებული შტატების კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) მიერ გამოყოფილი 50-მილიონიანი დაფინანსება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო არის სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა ასეთ მაღალ დონეზე არასოდეს ყოფილა. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომ ეკონომიკური განზომილება ჩვენს ურთიერთობებში უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა საქართველოს ეკონომიკაში „ოპიკის“ მიერ შეტანილ წვლილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ მრავალი წლის წინ, ეს იყო ორგანიზაცია, რომელმაც პირველმა დაიწყო საქართველოში პროექტების დაფინანსება. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციას დღემდე ინვესტირებული აქვს თითქმის 600 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც 60-მდე პროექტს მოხმარდა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის ხელმძღვანელობას და თბილისში ვიზიტით მყოფ კორპორაციის მმართველ დირექტორ კენეტ ენჯელს, რომელიც წლებია, ჩართულია „ოპიკის“ მიერ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაში.

„ამერიკის შეერთებული შტატების კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციას ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით. ძალიან მადლიერი ვართ ჩვენი ამერიკელი მეგობრების, რადგან მათ მიიღეს გადაწყვეტილება, გაზარდონ დაფინანსება საქართველოსთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, მადლობა გადავუხადო „პეის ჯგუფს“ ამ მნიშვნელოვანი პროექტისთვის და აღვნიშნო, რომ ამ ჯგუფს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და უკვე მრავალი წელია, საქმიანობს აღნიშნულ სფეროში. მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ახალი, მძლავრი საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფნად ჩამოყალიბების საქმეში, მით უფრო, რომ გვაქვს მიზანი, საქართველო გახდეს რეგიონული ეკონომიკური ცენტრი და რეგიონული ჰაბი ლოგისტიკასა და ტრანსპორტში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციასა (OPIC) და „პეის ჯგუფს“ შორის ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიას, რომელიც ფოთში ახალი პორტისა და ტერმინალის მშენებლობის 50 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსებას ითვალისწინებს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშიფოთში ზღვის სანაპიროზე, რეკრეაციული ზონის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემა – ოპოზიცია საგამოძიებო უწყებებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიადეპუტატ თამარ ხულორდავას მანქანის დაზიანების ბრალდებით დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა