დენის შმიგალი – უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ტექნიკურ ნაწილს შესაძლოა, მხოლოდ ორი წელი დასჭირდეს

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ტექნიკურ ნაწილს შესაძლოა, მხოლოდ ორი წელი დასჭირდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

„ჩვეულებრივ ასეთი მოლაპარაკებები 5-7-8 წელი გრძელდება. ჩვენი ამბიციაა ეს ბევრად უფრო სწრაფად, ორ წელიწადში გავაკეთოთ“, – განაცხადა შმიგალმა.

მისი თქმით, მთავრობამ უკვე შეიმუშავა საგზაო რუკა, რომელიც აღწერს, თუ როგორ უნდა გაიაროს უკრაინამ ეს გზა ორ წელიწადში, აღწერს შეფერხებებს და მათი დაძლევის გზებს.

„კიდევ რომელმა ქვეყანამ შეძლო კითხვარის სამ კვირაში შევსება? და რომელი ქვეყნისთვის გაგრძელდა განაცხადის შეტანიდან კანდიდატის სტატუსის მიღებამდე პერიოდი მხოლოდ სამი თვე? ოღონდ, როცა ევროკავშირთან სწრაფი მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე ვსაუბრობ, მე მხოლოდ ამ სისწრაფეს არ ვეყრდნობი. მთავრობამ უკვე შეიმუშავა საგზაო რუკა, რომელიც აღწერს როგორ გავიაროთ ეს გზა ორ წელიწადში, აფიქსირებს ჩვენს შეფერხებებს და განსაზღვრავს როგორ გავიაროთ ისინი. ზუსტად ეს მაძლევს ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს“, – განაცხადა უკრაინის პრემიერ მინისტრმა.

ამავდროულად შმიგალი ამბობს, რომ ევროკავშირის ქვეყნებს შორის უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა კიდევ ერთი ერთი გამოწვევა გახდება.

„ჩვენ ახლავე უნდა ვიპოვოთ ყველა არგუმენტი ჩვენი პარტნიორებისთვის. ამავდროულად, არ გვავიწყდება, რომ რუსეთი აგრძელებს ინფორმაციულ და ჰიბრიდულ გავლენას ევროკავშირზე და შეეცდება ჩვენი გაწევრიანება შეაფერხოს“, – აღნიშნა უკრაინის პრემიერ – მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში„ქართულმა ოცნებამ“ სამი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა