დეკანოზი ილია ჭიღლაძე: საეკლესიო რეფორმების პროექტი

ხშირად ადამიანების ნაწილი ვერ იგებენ, რატომ ვაკრიტიკებთ ან ვამხელთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებს და კათოლიკოს-პატრიარქ ილიას, და ჰგონიათ პირადი ბოღმა-მტრობა გვამოძრავებს, ან სულაც ფულს გვიხდიან და დაკვეთას ვასრულებთ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან პრიმიტიული და ბრიყვული სტერეოტიპია, მაგრამ სამწუხაროდ ადვილად გასაღებადი ზომბირებულ მასაზე და ფანატიკოსებზე, ასევე გულუბრყვილო მორწმუნეებზე, ამიტომ შემაჯამებელი სახით წარმოვდგენ თუ რა არის დანაშაულებრივი და მიუღებელი დღევანდელ ქართულ ეკლესიაში და საპატრიარქოში და რა არის შესაცვლელი და რისთვის ვიბრძვი(თ):
1. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია საპატრიარქო ჩამოშორდეს სახელმწიფოს მმართველებთან და ბიზნეს ელიტებთან ბინძურ “ქორწინებას”, რათა იყოს ობიექტური რელიგიური ინსტიტუცია, თავისუფალი საერო, ფინანსური და პოლიტიკური გავლენებისაგან და მიკერძოებისაგან;
2. აუცილებელია კონსტიტუციური შეთანხმების (ე.წ. კონკორდატი) გადახედვა (ცვლილებები) ან გაუქმება, მასში არსებული ანტიეკლესიური მუხლების გაუქმება;
3. აუცილებელია ეკლესიის ბიუჯეტის (საეკლესიო თანხების, ასევე თუ გაგრძელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დოტაციები, მათი) გამჭვირვალობა და ხარჯვის მიზნობრიობის გადახედვა;
4. აუცილებელია სასულიერო-თეოლოგიური განათლების არ მქონე მღვდლების და ეპისკოპოსებისათვის მოძღვრობსა და ქადაგების უფლების ჩამორთმევა;
5. აუცილებელია მთელი სამღვდელოების გადამზადება, სასწავლო კურსების დანიშვნა;
6. აუცილებელია კრიმინალურ და საეკლესიო მძიმე დანაშაულთა მქონე სასულიერო პირთა განკვეთა ხარისხებიდან;
7. აუცილებელია მთელი სასულიერო დასის ნარკოტესტირება და ფსიქიკური ჯანმრთელობის შემოწმება;
8. აუცილებელია საეკლესიო სასამართლოს აღდგენა და კანონიკური ფუნქციონირება;
9. აუცილებელია სინოდის და საპატრიარქოს ადმინისტრაციის წევრთა დიდი რევიზია. სინოდის, საპატრიარქო ადმინისტრაციის და ეპარქიათა ადმინისტრირების ოპტიმიზაცია და რეფორმირება; საეკლესიო გაფართოებული კრებების და სინოდის სხდომების სიხშირე და გამჭვირვალობა;
10. აუცილებელია სასულიერო პირთა შტატების განსაზღვრა, აუცილებელი საარსებო პირობებით უზრუნველყოფა საპატრიარქოს მიერ, საეკლესიო შემოსავლების აღრიცხვა და ფინანსური უთანასწორობის აღმოფხვრა სასულიერო დასში;
11. აუცილებელია სასულიერო-თეოლოგიურ სასწავლებელთა ოპტიმიზაცია-რეორგანიზაცია, სწავლების და ინფრასტრუქტურის დაბალი დონის გაუმჯობესება, მათი დიპლომების ფლობის გარეშე სამღვდელო ხარისხებში ხელდასხმების აკრძალვა;
12. აუცილებელია მოსკოვის საპატრიარქოზე არაფორმალური მორჩილებიდან გამოსვლა, უკრაინის ავტოკეფალიის აღიარება, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში მოსკოვის საპატრიარქოს არაკანონიკური საეკლესიო იურისდიქციული შემოჭრის გამო ამ უკანასკნელთან ევქარისტიული კავშირის გაწყვეტა;
13. აუცილებელია ეკლესიის სოციალურ-ჰუმანიტარული საქმიანობის გააქტიურება: მშიერთა, უსახლკაროთა და ავადმყოფთა მიმართ რეალური მზრუნველობისა და დახმარებების განხორციელება საპატრიარქოს მიერ, თანახმად მოციქულთა პერიოდის ეკლესიის წესებისა;
14. აუცილებელია ბოლო საუკუნეებში შერყვნილ-დამახინჯებული ლიტურგიკის და საღვთისმსახურო წიგნთა გასწორება ბერძნული ორგინალის მიხედვით;
15. აუცილებელია საღვთისმსახურო წიგნთა ძვ. ქართული ვერსიის აკადემიურად დადგენის პარალელურად ახალქართული ვერსიის შემუშავება, რათა გასაგები გახდეს მისი შინაარსი ქართველი ერის უმრავლესობისათვის;
16. აუცილებელია ეკლესიის მიერ საზოგადოების ყველა სეგმენტთან მოლაპარაკებების გამართვა პრობლემათა და დაძაბულობათა აღმოფხვრის, საზოგადოების ჰარმონიზაციის და თანამშრომლობისათვის; საპატრიარქოს და სინოდის სამეცნიერო სპეციალიზებული მრჩეველთა საბჭოების (მედიცინის, ბიოეთიკის, ეკონომიკის, ისტორიის, ღვთისმეტყველების და ა.შ) დაფუძნება, მეცნიერ წევრთა გამჭვირვალობა და გადაწყვეტილებების შესახებ მათთან წინასწარი კონსულტაცია;
17. აუცილებელია საქართველოს ეკლესიის 1917 წლის საეკლესიო კრების მიერ დამტკიცებული მართვა-გამგეობის დემოკრატიულ დებულებასთან მიბრუნება და მისი აღდგენა თანამედროვე პირობებთან შესაბამისი კორექტირებით, ეკლესიის მართვის ავტორიტარული და არაგამჭვირვალე (ბნელი) სტილიდან საკრებო და დემოკრატიული წესისკენ დაბრუნება, როგორც ეს იყო პირველ საუკუნეებში და შემდგომ 1917 წლის საეკლესიო დებულებით დადგენილი;
18. აუცილებელია თეოლოგიის და მეცნიერების დაბრუნება ეკლესიაში, მესიზმრეობისა და ზღაპართმეტყველების უარყოფა, საეკლესიო მორალისა და განწესებების დაცვა, პიროვნების კულტის დაგმობა და უარყოფა, ფანატიზმსა და ანტიკულტურულობის ლიკვიდაცია ეკლესიის წიაღიდან, სახარების სწავლებათა რეალიზება ცხოვრებაში და ფარისევლური სულის მოშორება.
19. აუცილებელია მრევლის სულიერი, თეოლოგიური, ინტელექტუალური აღზრდისათვის სპეციალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
20. ესე იგი, აუცილებელია ქრისტე და მისი სახარება დავაბრუნოთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში და კაცმადიდებლობიდან რეალურ მართლმადიდებლებად ვიქცეთ!
ალბათ სიის გაგრძელება შესაძლებელია, მაგრამ ეს ოცი მუხლი ნათლად და კონკრეტულად ასაჩინოებს თუ რა სჭირდება დღეს აუცილებლად საქართველოს ეკლესიას, რათა დაიბრუნოს ღირსება, სამართლიანობა და სულიერება, გადალახოს მასში არსებული ჯოჯოხეთური პრობლემები და იქცეს საქართველოს და მისი მოქალაქეების სულიერი და მორალური აღმშენებლობის გარანტად და არა საქართველოს ჩამჯოჯოხეთებლად ქაოსის და უსამართლობის სატანურ უფსკრულში, ადამიანების და ადამიანურობის მადეგრადირებლად.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე
18.07.2021

წინა სტატიაში“ფორმულას” ფოტოგრაფზე | კიდევ ორ მოძალადეს პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიადეკანოზი ილია ჭიღლაძე: ვგმობ ნეობოლშევიკ წულუკიანის ვანდალურ შემოჭრას საქართველოს ეროვნული მუზეუმის სივრცეში