ძალიან სამწუხაროა, რომ რეალურად, ჩვენ ვნახეთ კადრები, როდესაც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიას რუსეთი საკუთარი მილიტარისტული და ექსპანსიური მიზნების გასაფართოებლად იყენებს, – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოჩამჩირის სამხედრო ბაზის მშენებლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ კადრებს.
დეკანოიძის თქმით, მთელი ამ სამხედრო შეიარაღების გადატანა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არღვევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
“ძალიან სამწუხაროა, რომ რეალურად, ჩვენ ვნახეთ კადრები, როდესაც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიას რუსეთი საკუთარი მილიტარისტული და ექსპანსიური მიზნების გასაფართოებლად იყენებს. ეს ძალიან მძიმეა და თუკი ვინმე უქმნის საფრთხეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ზოგადად საქართველოს სტაბილურობას და განვითარებას, ეს არის ზუსტად რუსეთი. ამიტომ, ამ კონტექსტში რუსეთი აგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო. რა თქმა უნდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კიდევ უფრო ექსპანსიონისტური პოლიტიკა და განვითარებაა ამ ინფრასტრუქტურული პროექტების, რომელიც ჯერ კიდევ ადრე ჰქონდა ჩაფიქრებული რუსეთს და მთელი ამ სამხედრო შეიარაღების გადატანა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არღვევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას”, – აღნიშნა დეკანოიძემ.