დეკანოიძე – ჩვენს თანაგუნდელთან რეჟიმმა გააგზავნა ასლან აბაშიძის ყოფილი ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები და დააშანტაჟეს

არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ძალაუფლებისთვის რეჟიმი არ ერიდება ადამიანების შანტაჟს, არ ერიდება ყველაზე უფრო მძიმე სიბინძურეში გახვევას და შედეგად ვიღებთ იმას, რომ ადამიანი, ჩვენი თანამებრძოლი დღეს აღარ არის, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც ბათუმში საკრებულოს დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ნუგზარ ფუტკარაძე ნერვიულობდა ყველაზე ვინც მის გარშემო იყო და ვეღარ გაუძლო.

“არ შეიძლება დუმილი, რადგან დღეს რაც მოვისმინეთ ჩვენ ჩვენი მეგობრებისგან ბათუმში, გიორგი კირთაძის განცხადება, ჩვენი თანამებრძოლის ნუგზარ ფუტკარაძის ოჯახის წევრების განცხადება არის წარმოუდგენლად მძიმე, როდესაც საქმე გვაქვს რეჟიმის მიერ იმდენად საზიზღარი და მახინჯი სისტემის მიერ შემუშავებულ რეპრესიულ მექანიზმთან, როდესაც არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ძალაუფლებისთვის რეჟიმი არ ერიდება ადამიანების შანტაჟს, არ ერიდება ყველაზე უფრო მძიმე სიბინძურეში გახვევას და შედეგად ვიღებთ იმას, რომ ადამიანი, ჩვენი თანამებრძოლი დღეს აღარ არის. ძალიან მძიმეა დღეს ამაზე საუბარი, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რეჟიმმა ვეღარ გაბედოს ადამიანების შანტაჟი წინასაარჩევნოდ, თუ არჩევნების შემდეგ კონკრეტულად, ოპოზიციის ზეწოლის მიზნით. ჩვენს თანაგუნდელთან რეჟიმმა გააგზავნა ასლან აბაშიძის ყოფილი ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები და დააშანტაჟეს. მას შანტაჟის გარდა მოსყიდვა შესთავაზეს. ის ნერვიულობდა ყველაზე ვინც მის გარშემო იყო და ამას ვეღარ გაუძლო. ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ იმას, რომ რეალურად არავინ არ დაისაჯოს ამ ადამიანზე ზეწოლის გამო. ეს არავის არ შერჩება”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მან მოუწოდა სახალხო დამცველს და ყველა შესაბამის უწყებას, რომ აღნიშნული საქმე დაუყოვნებლივ გამოიძიონ და შეისწავლონ.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე: საქართველოში ამერიკის სამხედრო ბაზების განთავსება დიდი და კომპლექსური საკითხია, ერთი შეხედვით, წინააღმდეგი არ ვარ
შემდეგი სტატიასამხარაძე: სახალხო დამცველმა სიტყვა ლეგიტიმაციის მნიშვნელობა არ იცის