დეგნანსა და ჰარცელზე თავდასხმები სრულიად შეუსაბამოა და უნდა შეწყდეს – სენატორები

ამერიკის შეერთებული შტატების სენატში აშშ-ის ელჩის საქართველოში, კელი დეგნანის წინააღმდეგ და ბოლოდროინდელ ანტიამერიკულ კამპანიას სენატში რესპუბლიკელებისა და დემოკრატების წარმომადგენელი სენატორები ეხმაურებიან. მათ კომენტარებს “ამერიკის ხმა” ავრცელებს.

სენატორი ჯიმ რიში ამბობს, რომ ელჩ დეგნანსა და საელჩოს მთელ გუნდზე თავდასხმები უნდა შეწყდეს. ის იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ დაპირისპირებისა და უნდობლობის კამპანიას მედიასივრცეში დიდი დრო და ძალისხმება ეთმობა, რაც საქართველოში პოლარიზაციას აღრმავებს.

„იმედგამაცრუებელია იმის მოსმენა, რომ პოლიტიკურად დატვირთული ასეთი რიტორიკა ქართულ მედიაში ამდენ დროს იკავებს. ელჩმა დეგნანმა და ჩვენმა გუნდმა აშშ-ის საელჩოში არაერთხელ გამოხატეს შეერთებული შტატების მხარდაჭერა ქართველი ხალხის სწრაფვის მიმართ, რომ მათი მომავალი ტრანსატლანტიკური საზოგადოებისა და ევროკავშირში იყოს. ეს თავდასხმები ელჩ დეგნანზე, ამერიკის საელჩოსა და ევროკავშირის ყოფილ ელჩ კარლ ჰარცელზე, სრულიად შეუსაბამოა და ისინი უნდა შეწყდეს“, – უთხრა სენატორმა რიშმა “ამერიკის ხმას”.

რესპუბლიკელი სენატორის თქმით, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური უთანხმოება კეთილსინდისიერი დიალოგის გზით უნდა გადაიჭრას, რომლის მიზანიც საქართველოში პოლარიზაციის დამთავრება უნდა იყოს.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკური უთანხმოება საქართველოში მედიაში საჯაროდ მიმდინარეობს. ამ ტიპის პოლიტიკური უთანხმოება შეიძლება მოგვარდეს მხოლოდ კეთილსინდისიერი დიალოგით და არა მაპროვოცირებელი საჯარო რიტორიკით. ყველა მხარე უნდა დააკვირდეს საკუთარ განსხვავებულ პოზიციებს და იპოვოს საერთო საფუძველი რეალური პროგრესის მისაღწევად. მიზანმიმართული პოლიტიკური პოლარიზაცია ემუქრება ქართულ საზოგადოებას და მე სულ უფრო მეტად მაწუხებს საქართველოს მომავალი, თუ ის ამ დილემის გადალახვას ვერ შეძლებს“, – ამბობს სენატორი რიში.

დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი კი ანტიამერიკულ კამპანიას პრორუსულ ძალებს უკავშირებს. ამბობს, რომ დეზინფორმაცია და გავლენის სხვა ოპერაციები, რუსული სახელმძღვანელოთი წარმოებული უკვე გამოცდილი მეთოდია. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის წევრები უნდა იყვნენ ის წამყვანი ძალა, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთბებში უნდობლობის დათესვის მცდელობებს შეეწინააღმდეგებიან.

„სამწუხაროდ, ჩვენ ადრეც გვინახავს ამ ტიპის ტაქტიკა, რაც მიუთითებს რუსეთის მტკიცე ნებაზე, გაავრცელოს თავისი მავნე გავლენა მთელს აღმოსავლეთ ევროპაში და კონკრეტულად ხელი შეუშალოს საქართველოს საკუთარი დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიღწევაში. მე მოვუწოდებ ქართველ კანონმდებლებს, მტკიცედ შეეწინააღმდეგონ ამ საშიში დეზინფორმაციის გავრცელებას მათ მიერ, ვისაც სურს საქართველოში დემოკრატიის და მასთან ერთად, ქართველი ხალხის უფრო სამართლიანი და თანასწორი მომავლის შექმნის ჩავარდნა.

ეს არის იგივე არაორიგინალური მეთოდები სახელმძღვანელოდან, რომელსაც პუტინი ხშირად იყენებს. საქართველოს კანონმდებლებმა უნდა შეასრულონ წამყვანი როლი უთანხმოების და უნდობლობის დათესვის მცდელობებთან ბრძოლაში. შეერთებული შტატები რჩება ჩვენი დემოკრატიული პარტნიორების მხარდაჭერის ერთგული, რათა საქართველომ ეს კურსი შეინარჩუნოს“, – განაცხადა სენატორმა შაჰინმა “ამერიკის ხმასთან” საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიცხვარიჭამიაში, დაბადების დღეზე, 20 წლის ბიჭი მოკლეს
შემდეგი სტატიაემიჯნებით უკრაინელების პოზიციას? თქვენი თანამშრომლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ახლა ომი თუ გვიშველის? – მამუკა მდინარაძე ჟურნალისტს