დეგნანი: იყო მიღწევები, მაგრამ სერიოზული დარღვევებით არჩევნები დაზიანდა, ხალხმა ნდობა დაკარგა

აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას გამოყოფს მიღწევებსაც, თუმცა აღნიშნავს, რომ არჩევნებს ზიანი მიაყენა უამრავმა სერიოზულმა დარღვევამ. მისივე თქმით, გასაჩივრების პროცესიც ხარვეზებით იყო სავსე. შედეგად კი ხალხმა დაკარგა ნდობა არამხოლოდ პროცესის, არამედ არჩევნების შედეგების მიმართ-ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა „ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

დეგნანმა ეს წამყვანის კიითხვის საპასუხოდ თქვა: არჩევნებზე და მანამდე იყო თუ არა სრულად რეალიზებული 8 მარტის შეთანხმება და მისი სულისკვეთება?

“ყველა დიდ იმედს ამყარებდა ამ არჩევნებზე. 8 მარტის შეთანხმებამ გააჩინა იმედი, რომ ეს არჩევნები იქნებოდა შანსი საქართველოს დემოკრატიული პროგრესის დემონსტრირებისთვის. მნიშვნელოვანი მიღწევა იყო ის ფაქტი, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში იყო ნაკლები აგრესია, ნაკლები სიძულვილის ენა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაღალი აქტივობაც ასევე კარგი ნიშანი იყო თუ რამდენად არიან ქართველები დაინტერესებული დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობით. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ უფრო მეტი ქალი აირჩიეს პარლამენტში და რა თქმა უნდა, ის ფაქტიც, რომ 9, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული პარტიაც იქნა არჩეული პარლამენტში დიდი წარმატებაა საქართველოსთვის. და ნაბიჯი უფრო პროპორციული სისტემისკენ, რისი სურვილიც ქართველებმა გამოთქვეს.

მაგრამ სხვების მსგავსად ჩვენც იმედგაცრუებული დავრჩით, რადგან ამ არჩევნებს ზიანი მიაყენა უამრავმა სერიოზულმა დარღვევამ. გასაჩივრების პროცესიც, რომელიც მოყვა არჩევნებს, ასევე იყო ხარვეზებით სავსე. ბევრი საჩივარი არ იყო სრულად გამოძიებული, ან არ განიხილეს. შედეგი გახდა ის, რომ ხალხმა დაკარგა ნდობა არამხოლოდ პროცესის, არამედ არჩევნების შედეგების მიმართაც. რაც საბოლოო ჯამში ძალიან სამწუხაროა”.

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ფორმულასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხში არ არის შესული. ელჩი დარწმუნებულია, რომ მოლაპარაკებებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები სახელმწიფო ინტერესს პარტიულ ინტერესზე მაღლა დააყენებენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

“ახლა ჩვენ გვინდა ვნახოთ პოლიტიკური ნება, პოლიტიკური გამბედაობა გადაწყვეტილების მიღებისკენ ნაბიჯის გადასადგმელად. დარწმუნებული ვარ, პარტიები ამას გააკეთებენ, პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენებენ საქართველოს ინტერესებს და გადაწყვეტილებას მიიღებენ”, – ამბობს დეგნანი.

ამერიკის ელჩის თქმით, მოლაპარაკებების პროცესში მხარეებმა გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს, მათ შორის, საარჩევნო სისტემის ცვლილების ნაწილში, მათ განხორციელებას კი, ელჩის მოსაზრებით, არჩეული დეპუტატების პარლამენტში შესვლა სჭირდება.

“იმედისმომცემი იყო ისიც, რომ ამ პარტიებმა შეათანხმეს საარჩევნო რეფორმის მნიშვნელოვანი კომპონენტები, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ მომავალში არჩევნებზე აღარ იქნება ისეთი დარღვევები, რომლებიც წარსულში ბევრი წლის განმავლობაში ვლინდებოდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი”,- ამბობს დეგნანი, – “არ დაიგეგმება არჩევნები იგივე სისტემით, რომელიც ადრე არ მუშაობდა კარგად. მაგრამ ეს მოითხოვს, რომ ყველა წევრი იყოს პარლამენტში, მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილება და იბრძოლოს ცვლილებებისთვის პარლამენტის შიგნიდან”.

ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის ელჩების ფასილიტაციით მიმდინარე მოლაპარაკებების 4 რაუნდი უკვე გაიმართა.

ოპოზიციურმა პარტიების უმეტესობამ საარჩევნო სიები გააუქმა და საპარლამენტო მანდატების გაუქმების მოთხოვნით პარლამენტს ოფიციალურად მიმართა.

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, რომელიც დეგნანთან ერთად შუამავლობს მოლაპარაკებების პროცესს, 19 დეკემბერს განაცხადა, რომ შეთანხმებისთვის სივრცე თანდათანობით იხურებოდა.

“როგორც ფასილიტატორი ვხედავ, რომ კარი დახურვას იწყებს”, – განაცხადა ჰარცელმა, -“ეს სამწუხაროა ჩემთვის”.

ოპოზიციის მოთხოვნები, საარჩევნო სისტემის ნაწილში, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სრულად პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერით ჩატარებას ითვალისწინებდა, ბლოკების შექმნის შესაძლებლობით.

ამას გარდა, ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებისგან რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებასა და რეფორმირებას მოითხოვენ-აღნიშნა ამერიკის ელჩმა.

banner
წინა სტატიაში„ქართულ ოცნებაში“ პოსტივანიშვილის ეპოქისთვის ემზადებიან
შემდეგი სტატიადეგნანი: ახლა ვხედავთ შანსს, რომ 30 წლიანი საარჩევნო პრობლემები საბოლოოდ მოგვარდეს