„ქართულ ოცნებაში“ პოსტივანიშვილის ეპოქისთვის ემზადებიან

„ქართულ ოცნებაში“ პოსტივანიშვილის ეპოქისთვის ემზადებიან. მედიაში უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი მალე დატოვებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს და გაუჩინარდება. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ქვეყნის მთავარი მეოცნებე წასვლის შესახებ განცხადებას თვის ბოლოს გააკეთებს.
როგორც „ოცნებაში“ გვითხრეს, ივანიშვილს სურს თავის გადაწყვეტილებაზე სატელევიზიო ინტერვიუში ისაუბროს. ინტერვიუს მიცემას ის ერთ-ერთი სამთავრობო არხისთვის აპირებს. ეს ინტერვიუ ეთერში 28 ან 29 დეკემბერს უნდა გავიდეს.

„ივანიშვილს წასვლა გადაწყვეტილი აქვს. ახლა მიმდინარეობს ინტერვიუსთვის მზადება. ინტერვიუ ამ დღეებში ჩაიწერება. მიმდინარეობს კითხვების და პასუხების შეთანხმება. ივანიშვილს სურს, რომ ინტერვიუში ახსნას თავისი გადაწყვეტილება“, – გვიყვება ჩვენი წყარო.
მართალია, 90%-ით ყველაფერი შეთანხმებულია, მაგრამ გამორიცხული არაა, რომ მთავარმა “მეოცნებემ” გადაწყვეტილება შეცვალოს. მმართველ პარტიაში არის რამდენიმე დაჯგუფება, რომლებიც პარტიის ლიდერს არ ურჩევენ თანამდებობის დატოვებას. კობახიძის და კალაძის დაჯგუფებებს კი ერთი სული აქვთ, თუ როდის წავა ბიძინა ივანიშვილი აქტიური პოლიტიკიდან ჩრდილში.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე რეკომენდაციას კახა კალაძეს გაუწევს. სამთავრობო წყარო იმასაც ამბობს, რომ შესაძლოა ბოლო მომენტში კალაძის გაძლიერება გადაიფიქროს და პარტიის თავმჯდომარეობა პოსტის გარეშე დარჩენილ ირაკლი კობახიძეს ჩააბაროს.
არჩევნების წინ მას ხან პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს პირდებოდნენ, ხანაც პრემიერ-მინისტრისას. ამ თანამდებობებზე კვლავ ძველი კადრები – არჩილ თალაკვაძე და გიორგი გახარია დაინიშნენ.

პოლიტიკიდან ივანიშვილის წასვლის შემდეგ პარტიის თავმჯდომარის პოსტი პრემიერებს ეკავათ ხოლმე. ჯერ ირაკლი ღარიბაშვილი იყო პარტიის ლიდერი, შემდეგ გიორგი კვირიკაშვილი. კვირიკაშვილმა პარტიის თავმჯდომარის პოსტი 2018 წლის მაისში, პრემიერობიდან გადადგომამდე რამდენიმე კვირით ადრე დატოვა. ეს იმიტომ გააკეთა, რომ პოლიტიკაში მობრუნებული ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარე გამხდარიყო. პარტიის დამფუძნებელი პარტიის რიგით წევრად ვერ დადგებოდა. აღსანიშნავია, რომ მაშინ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას კალაძის და კობახიძის ჯგუფი ეწინააღმდეგებოდა. ორი წლის წინ ისინი ერთ გუნდს წარმოადგენდნენ. ახლა ორივეს თავისი გუნდი ჰყავს და ორივეს სჯერა, რომ ივანიშვილის მემკვიდრე ის იქნება. ამასთან დაკავშირებით ივანიშვილს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ამ ადამიანს ბოლო წამს გადაწყვეტილების შეცვლა ახასიათებს და არაა გამორიცხული, რომ პარტია სულაც გიორგი გახარიას ჩააბაროს, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველაზე უუფლებო პრემიერია. მას არც მთავრობაში ჰყავს თავისი კადრები და არც პარლამენტში.

როგორც ჩვენი წყარო ამბობს, მას თანამდებობიდან წასვლაც უნდა. ის ამის გაკეთებას არჩევნების წინ აპირებდა, მაგრამ ეს პარტიისთვის კარგის მომტანი არ იქნებოდა და დარჩა.
ნაახალწლევს, პოლიტიკური ვითარება აუცილებლად გამწვავდება. ერთპარტიული პარლამენტი უკვე თავად „ოცნებას“ უქმნის დისკომფორტს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრები ხმამაღლა საუბრობენ. დიდი მცდელობის მიუხედავად მმართველმა ძალამ პარლამენტში ვერავის შეტყუება ვერ შესძლო.
ელისაშვილის და იაგო ხვიჩიას შესვლა თავად „ოცნების რეიტინგს დაეცემა თავზე მეხივით. ერთპარტიულ პარლამენტზე კი პრეტენზიები უკვე გაისმა აშშ-ს სენატსა და ევროპარლამენტში. პოლიტიკური კრიზისი გარდაუვალი იქნება. ასეთ დროს გამოსავალი მთავრობის გადადგომაა ხოლმე. სავარაუდოდ, აი ამ გზით წავა გახარია პოლიტიკიდან.

მინისტრთა კაბინეტშიც იქნება ცვლილებები. „ქართული ოცნების“ კულუარებში ამბობენ, რომ რამდენიმე თვეში თეა წულუკიანს ისევ მინისტრად ვიხილავთ, ოღონდ განათლების მინისტრად. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, წულუაკიანმა სწორედ ასეთი დაპირება მიიღო. ამ თანამდებობაზე დანიშვნის პირობა ივანიშვილმა ყოფილ პრემიერ მამუკა ბახტაძესაც მისცა, მაგრამ ის დღემდე პორტფელის გარეშეა, ხოლო წულუკიანს საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი მაინც უკავია.

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი
წყარო:”ქრონიკა+”

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის მორიგ სკანდალურ განცხადებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიადეგნანი: იყო მიღწევები, მაგრამ სერიოზული დარღვევებით არჩევნები დაზიანდა, ხალხმა ნდობა დაკარგა