დედაქალაქში ხვალ საახალწლო სოფელი გაიხსნება

თბილისის მერია, ხვალიდან 14 იანვრის ჩათვლით, თბილისის მოსახლეობას და დედაქალაქის სტუმრებს საახალწლო სოფელში იწვევს, რომელიც ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღში, მშრალი ხიდის ტერიტორიასა და დედაენის ბაღში იქნება განთავსებული.
გახსნის სამზადისს დღეს, თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, „საახალწლო სოფელი“ ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის არის განკუთვნილი და მასში ყოველდღიურად სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები გაიმართება.
„ხვალიდან ოფიციალურად გაიხსნება საახალწლო სოფელი. დღის პირველი საათიდან სტუმრებს ექნებათ მოსვლის შესაძლებლობა. წარმოდგენილი იქნება ქართული პროდუქტები, მათ შორის, ტკბილეულობა, ასევე, ატრაქციონები ბავშვებისთვის. ზოგადად, ყველა თაობისთვის არის შესაბამისი სივრცე, შესანიშნავი გარემოა და ძალიან ლამაზია. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი მოვა. გარდა ამისა, ყოველდღე გაიმართება სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები – წარმოდგენები ბავშვებისთვის, კონცერტები, ელექტრონული მუსიკის საღამოები. ყოველდღე იქნება გასართობი პროგრამა 14 იანვრამდე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საახალწლო სოფელში განთავსდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები, სინთეტიკური ყინულის მოედანი, ღია კინოთეატრი, გიგანტური ზღაპრის წიგნი და მეზღაპრე, საახალწლო ბაზრობა, კვების ობიექტები, ტკბილეულობის ფესტივალი, საბავშვო ატრაქციონები, დეკორირებული ნაძვის ხე და თოვლის ბაბუის სახლი.
დღის საათებში, საახალწლო სოფელში პატარებისთვის მოეწყობა გიგანტური სანტას მსვლელობა და საბავშვო-გასართობი შოუები და კონცერტები, საღამოს კი უფროსებისთვის, საესტრადო შემსრულებლების, მუსიკალური ბენდების და ელექტრონული მუსიკის წარმოდგენები გაიმართება.
საახალწლო სოფელი 24 დეკემბერს, 13:00 საათიდან ამოქმედდება, ხოლო 20:00 საათზე, დედაენის ბაღში დაგეგმილია გახსნის ცერემონია. 14 იანვარს ის დიდი მუსიკალური შოუ-პროგრამით დაიხურება.

წინა სტატიაშიეკა გიგაური: შეიძლება მეჩვენება, მაგრამ მგონია დღეს მთელი დისკუსია იმაზეა მიმართული, როგორ გავაშარჟოთ თავად ეს სიტყვა “შერიგება”
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: „ნაცმოძრაობა“ ჭამს პატარა პარტიებს და ამბობს – ან მე, ან არაფერი