დავით სიხარულიძე: “პოლიტპატიმართა სიაში ჩასმის სანაცვლოდ ბაკურიძე 3000 დოლარს მთხოვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 2006 წლის 1 იანვრიდან, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდა პროგრამა “იაკობ გოგებაშვილი”, რომელიც ითვალისწინებდა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების რეაბილიტაციასა და განვითარებას. პროგრამის გასახორციელებლად შეიქმნა სატენდერო კომისია.

კომისიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, სხვა კომპანიებთან ერთად, გაიმარჯვა შპს “ამაღლება 98”-მა. ოფიციალური ვერსიით, აღნიშნულმა ორგანიზაციამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა, მიუხედავად იმისა, რომ სხვა კომპანიების მსგავსად, მასაც გაუგრძელდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა ერთი თვით _ 2006 წლის 15 სექტემბრამდე, იმავდროულად კი, დამატებით, 500 ათასი ლარი ჩაერიცხა, რათა სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები სასწავლო პროცესის დაწყებამდე დაესრულებინა.
კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მასთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედება შეწყვიტა.

პარალელურად, კომპანიის საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევების ამსახველი მასალები სათანადო რეაგირებისათვის გენერალურ პროკურატურას გადაუგზავნა.

კომპანია “ამაღლება 98”-თან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების გადაწყვეტის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს თემურ სამადაშვილს შეხვდა საქართველოს პარლამენტის წევრი გია ნუცუბიძე, რომელმაც, სამადაშვილს შპს “ამაღლება 98”-ისთვის ხელშეკრულებისა და დაფინანსების განახლების სანაცვლოდ, ქრთამის სახით, 500 ათასი ლარი შესთავაზა. აღნიშნული საუბრის თაობაზე, სამადაშვილმა მოხსენებითი ბარათით განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მოგვიანებით კი, საქართველოს გენერალურ პროკურორს მიმართა და საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

ამის შემდეგ, შესაბამისი ორგანოების მიერ, დაიგეგმა ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები. ნუცუბიძისა და სამადაშვილის შეთანხმების თანახმად, შპს “ამაღლება 98”-ს, პირველ ეტაპზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 150 ათასი ლარი გადაურიცხა, რის სანაცვლოდაც, გია ნუცუბიძემ სამადაშვილს, ქრთამის სახით, 50 ათასი ლარი გადასცა.

სწორედ თანხის გადაცემის დროს დააკავეს ნუცუბიძე.

ნუცუბიძესთან ერთად დააკავეს “ამაღლება-98”-ის დირექტორი დავით სიხარულიძეც, რომელსაც ბრალი თანხების მითვისებაში დასდეს და 11 წლით ციხეში გაუშვეს. მაშინვე ითქვა, რომ სიხარულიძის დაკავების რეალური მიზეზი პოლიტიკა იყო. უფრო დაზუსტებით კი, მან „ნაციონალებს“ წილი არ მისცა.

დავით სიხარულიძეს, რომელმაც ციხეში 6 წელი გაატარა და 2013 წელს შეწყალების შედეგად გათავისუფლდა, მიუხედავად ხანგრძლივი პატიმრობისა, ბრალი არ უღიარებია. ამ დროის განმავლობაში ბიზნესმენმა რამდენიმე სარჩელი შეიტანა და სახელმწიფოსგან სასამართლოზე აღიარებული და დოკუმენტურად დადასტურებული ვალი მოითხოვა.

“გურია ნიუსმა”, ჯერ კიდევ სიხარულიძის პატიმრობაში ყოფნისას, ამ ფაქტის შესახებ, რამდენიმე ჟურნალისტური მოკვლევა გამოაქვეყნა.

ციხიდან გამოსვლიდან რამდენიმე დღეში დავით სიხარულიძემ “გურია ნიუსს“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, დაკავების დეტალები, მისი წინაპირობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ იგი პოლიტიკური მოტივით იყო დაკავებული. სიხარულიძე მიიჩნევდა, რომ პოლიტპატიმართა სიაში უნდა ყოფილიყო, თუმცა ვერ მოხვდა.

2013 წელს მოცემულ ინტერვიუში იგი აღნიშნავდა, რომ ბრძოლას პოლიტპატიმართა ახალ სიაში მოსახვედრად გააგრძელებდა.

მას შემდეგ 2 წელი გავიდა, თუმცა, სიხარულიძე სიაში ვერ მოხვდა. ჩვენთან საუბარში იგი ამბობს, რომ სიაში ჩასმის სანაცვლოდ 3 000 დოლარი ჯერ კიდევ ციხეში ყოფნისას მოსთხოვეს:

_ როდესაც ციხეში ვიყავი, 3 000 დოლარი მომთხოვეს, რომ სიაში მოვხვედრილიყავი. ეს ის პერიოდი იყო, როცა ხელისუფლება შეიცვალა და სიის შედგენა იწყებოდა. თანხა არ გადამიხდია, რადგან მიმაჩნდა, რომ ჩემი საქმე იძლეოდა იმის საფუძველს, ვყოფილიყავი ამ სიაში _ არჩევნებთან იყო დაკავშირებული ჩემი დაკავება და იმიტომ. თუმცა, ახლა, როცა შეწყალების თემაზე სკანდალი აგორდა, მივხდი, რომ სწორი ყოფილა და სიაში თანხის გადახდის გარეშე ვერ მოხვდებოდი, მიუხედავად ბევრი მტკიცებულებისა, _ გვითხრა სიხარულიძემ.

_ ბატონო დავით, ვინ გთხოვდათ სიაში ჩასმის სანაცვლოდ თანხას?

_ ე. წ. უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე, _ ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

სიაში ჩასმის სანაცვლოდ თანხის მოთხოვნას კატეგორიულად უარყოფს ბაკურიძე:

_ ეს აბსურდია. რა უფლებით ჩავსვამდი ვინმეს სიაში?! სხვა კი არა, მე ვერ მოხვდი ამ სიაში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ დამაპატიმრეს პოლიტიკური ნიშნით და ამაზე პრეტენზიები მქონდა კიდეც. თუ სიხარულიძეს პიარის გაკეთება ელისაშვილის განცხადებებზე სურს, ეს მისი ნებაა. მე ის შემიძლია გითხრათ, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია,_ გვითხრა ბაკურიძემ.

აღსანიშნავია, რომ უფლებადამცველის მიმართ სიხარულიძეს სხვა პრეტენზიებიც აქვს და მას თაღლითობაშიც ადანაშაულებს. უფრო მეტიც, ამის შესახებ საჩივარი პროკურატურაშიც არის შეტანილი.

რას ედავება ბაკურიძეს ბიზნესმენი, რისთვის მისცა 8 000 დოლარი, რატომ დაუბრუნდა ეს თანხა მოგვიანებით ოჯახს და რატომ გაყიდა ბაკურიძემ სიხარულიძის კუთვნილი ავტომობილი.

 

წყარო: gurianews.ge

banner
წინა სტატიაშისასამართლომ ბაჩანა ახალაიას მოთხოვნა პროცესის გადადებაზე დააკმაყოფილა
შემდეგი სტატიაბაჩო ახალაია: ღარიბაშვილი, სუბარი და კახიშვილი სულმდაბალი ადამიანები არიან