ბაჩო ახალაია: ღარიბაშვილი, სუბარი და კახიშვილი სულმდაბალი ადამიანები არიან

ღარიბაშვილი, სუბარი და კახიშვილი სულმდაბალი ადამიანები არიან, რომლებიც ფიქრობენ, რომ კრიმინალური სამყაროს გამოყენებით შეძლებენ ძალაუფლების შენარჩუნებას, – ამის შესახებ ე. წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ დღეს სასამართლო პროცესზე განაცხადა.
ბაჩო ახალაია მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართავს, ევროპის წამების პრევენციის კომიტეტის (CPT) დასკვნა საქმეს მტკიცებულებად დაერთოს და ამ მიზნით აღნიშნული დასკვნის სათარგმნად დროის მიცემა მოითხოვა.
“მაქვს სურვილი, CPT-ს დასკვნა დაერთოს მტკიცებულებად აღნიშნულ საქმეს, რადგან ამ დასკვნაში საუბარია იმაზე, რაზეც მე ვსაუბრობ, რომ ჩვენ გვექცევიან სრულიად არაადამიანურად. თუმცა ვართ ჩუმად და ასე ყველაფერს ვიტანთ და ავიტანთ კიდეც, მაგრამ ეს არ არის მთავარი პრობლემა. დასკვნაში ასევე საუბარია, რომ სასჯელაღსრულების სამივე მინისტრი, ყოფილები და ამჟამინდელი “კანონიერ ქურდებთან” ერთად მუშაობენ. ჩვენ ყველაფერს ვუძლებთ და ვინც ვერ გაუძლო, გარეთ არის. ზოგი საშვილიშვილო შეცდომებსაც კი უშვებს, მაგრამ ეს ჩვენ არ გვეხება. მთავარია, რომ აღდგა სისტემა ე. წ. კანონიერი ქურდების მიერ მმართველობის. ჩვენ გვეგონა, რომ თურმე ეს ყველაფერი დავამარცხეთ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, უბრალოდ შეგვიჩერებია. საბოლოოდ ძალიან მწარე ვითარებაა, მე სიმართლის დამტკიცების არ მეშინია და გთხოვთ ეს დოკუმენტი დავურთოთ საქმეს”, – განაცხადა ბაჩო ახალაიამ და პროცესის გადადება მოითხოვა.
მოსამართლე მზია ლომთათიძემ ბაჩო ახალაიას შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პროცესი 27 იანვარს, 12.30 საათამდე გადადო.
CPT-ს, ანუ ევროპის წამების პრევენციის კომიტეტის დასკვნა გუშინ გამოქვეყნდა. “ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, დასკვნაში აღნიშნულია, რომ ციხეებში ორგანიზებული დანაშაულის გავლენა გაიზარდა. კომიტეტის დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ ე. წ. კანონიერი ქურდების და მაყურებლების მონაწილეობით არაფორმალური იერარქიის გაცოცხლება დაიწყო და ამავე მუხლში წერია, რომ ქურდული სამყაროს გავლენის დაბრუნებას უკავშირდება 2013-2014 წლებში რამდენიმე პატიმრის ძალადობრივი გარდაცვალება, მკვლელობა.

banner
წინა სტატიაშიდავით სიხარულიძე: “პოლიტპატიმართა სიაში ჩასმის სანაცვლოდ ბაკურიძე 3000 დოლარს მთხოვდა
შემდეგი სტატიადავით ნარმანია გამორიცხავს მერიაში სისტემური კორუფციის არსებობას