დავით სერგეენკო – გრიპის ვირუსის პრევენციისთვის რისკ-ჯგუფებში შემავალმა ადამიანებმა ვაქცინაცია უნდა ჩაიტარონ

გრიპის ვირუსის პრევენციისთვის რისკ-ჯგუფებში შემავალმა ადამიანებმა ვაქცინაცია უნდა ჩაიტარონ, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

„სეზონურად გაზრდილი ავადობა არის გარდაუვალი, წელიწადში ორჯერ ეს ყოველთვის ხდება. ამოცანა არის, რომ ზიანი შემცირდეს და ნაკლები ადამიანი გახდეს ავად. პირველ რიგში, საჭიროა, რისკ-ჯგუფებში შემავალმა ადამიანებმა გრიპის ვაქცინა გაიკეთონ, სასურველია, ეს ოქტომბრის განმავლობაში ან ნოემბრის დასაწყისში მოხდეს.

მეორე, თუკი ადამიანი მიეკუთვნება რომელიმე რისკ-ჯგუფს, ასეთ შემთხვევაში, სიმპტომების პირველივე გამოვლენისთანავე, ​ხალხმრავალ ადგილებში არ გავიდეს და მაშინვე მიმართოს ექიმს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

რაც შეეხება გრიპის ვირუსით დაავადებულთა სტატისტიკას, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, გასული ორშაბათის მონაცემებით, 100 000 ადამიანზე 277 დაავადებული მოდიოდა, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით არის დაახლოებით 9000 ადამიანი.

„შემდეგი მონაცემი გვეცოდინება ზეგ, თუმცა ჩვენ რასაც ვუყურებთ, ე.წ საყრდენი კლინიკებიდან მიღებული ინფორმაციით, რაიმე მკვეთრი ზრდა არ არის. თბილისში დაახლოებით იგივეა ან კლების ტენდენცია გაჩნდა და რეგიონებში მოიმატა.

თუმცა ამ 9000-დან აბსოლუტური უმრავლესობა მკურნალობს ბინაზე და ამბულატორიულად, ხოლო სტაციონარებში ახლა მკურნალობას გადის 200-ზე მეტი პაციენტი. ვინც სტაციონარში ხვდება, მას მხოლოდ გრიპი არ აქვს, გრიპს პლუს მინიმუმ ერთი დაავადება ან ქრონიკული ან თანდაყოლილი დაავადება აქვს. სტაციონარში მყოფთა აბსოლუტური უმრავლესობა ასეთია“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშისაპენსიო სააგენტო – კერძო კომპანიების ნაწილმა საპენსიო დეკლარაციების წარდგენა და ფულის ჩარიცხვა დაიწყო
შემდეგი სტატიაჰაკერებმა Marriott-ის 25 მილიონი კლიენტის პასპორტის მონაცემები ჩაიგდეს ხელში