დავით კირკიტაძის 100 დღის გეგმა: საკუთრებაში მიიღებენ სახელმწიფოს ხელთ არსებულ ქონებას

gulis eleqsiri

გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა, დავით კირკიტაძემ რუსთავში ბრიფინგი გამართა.

ოპოზიციის კანდიდატმა და “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, რუსთავში წინასაარჩვენო გარემოზე გააკეთა განცხადება და რუსთაველებს მისი გამარჯვების შემთხვევაში, პირველი 100 დღის გეგმა გააცნო.

„რუსთავში იყვნენ ჩამოსული და თქვეს, რუსთავი უნდა აქციონ ტურისტულ ცენტრად. გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ქუთაისის „ტორპედო“ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გაგვიხარდებოდა, მაგრამ კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეს არ არის ქვეყანაში მთავარი პრობლემა. ჩვენ მათ განცხადებაზე სულ არ გვეცინება. დღეს გვინდა დავიწყოთ პროგრამა, პროექტი, რომელიც ესაჭიროება ყველა რუსთაველს. მოგეხსენებათ, „ქართული ოცნება“ ხელისუფლების სათავეშია. 3 200 დღეზე მეტია, რაც ისინი ხელისუფლებაში არიან, მოსახლეობას უკიდურესად გაუჭირდა, განსაკუთრებით ქალაქებში. მინდა, რუსთაველებს მივმართო და გავაცნო ჩემი გეგმა, თუ რას გავაკეთებ პირველი ასი დღის განმავლობაში. მთავარი პრობლემა ამ ქალაქში არის სოციალური სიდუხჭირე და გაჭირვება, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებამ ჩააყენა თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქე.

პირველ ას დღეში ყველა რუსთაველს ვპირდები, მიუხედავად მისი პოლიტიკური გემოვნებისა, ისინი საკუთრებაში მიიღებენ სახელმწიფოს ხელთ არსებულ ქონებას. პირველ რიგში, მათ დავუკანონებთ ავტოფარეხებს. რუსთავის გარშემო არსებობს რესურსი, თითოეულ რუსთაველს სულადობის მიხედვით გადავცემთ 600 და 900 კვადრატულ მეტრა მიწის ნაკვეთებს. ასეთი პრაქტიკა რუსთავში არსებობდა და მოქალაქეების ნაწილს მიღებული აქვს. პლიუს ამას, იქ მოვაწყობთ შესაბამის საცხოვრებელ გარემოს, მივიყვანთ წყალს, გაზს, ელექტროენერგიას, ყველა საჭირო ინფრასტრუქტურას. მესამე და მნიშვნელოვანი, ყველა რუსთაველს, ვისაც მფლობელობაში აქვს გარკვეული საკუთრება, რომელიც არ აქვს დაკანონებული, სამეზობლოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და ასევე კორპუსის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ მათ საკუთრებაში გადავცემთ. ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, რუსთაველებს გაუჩნდებათ კერძო საკუთრება, რითაც ისინი ოდნავ მაინც შეიმსუბუქებენ იმ მძიმე ყოფას, რომელ ყოფაშიც არიან იმის გამო რომ საქართველოს ხელისუფლება არცერთ მოქალაქეზე არ ზრუნავს. „ქართული ოცნების“ პარტიის აქტივისტები და მოხალისეები დადიან კარდაკარ და აფიქსირებენ ვინაა მათი მომხრე, მოწინააღმდეგე. ჩვენი მოხალისეები დღეიდან გავლენ ველზე და არ დაუწყებენ აღნიშვნას, ვინ რომელი პოლიტიკური პარტიის მომხრეა.

ჩვენი მოხალისეები გააკეთებენ აღრიცხვას იმისა, ვის ესაჭიროება და ვის აქვს ავტოფარეხი, ვის ესაჭიროება 600 და 900 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი, ვის აქვს რაიმე სახის ფლობაში ქონება და არ აქვს დაკანონებული, რომელსაც, გარწმუნებთ, ჩემი მერობის პირველივე 100 დღეში გადავცემთ რუსთაველებს. რამოდენიმე დღის წინ ჩემმა კონკურენტმა გაიგო იმის შესახებ, რასაც ჩვენ ვაპირებდით და განაცხადა, რომ დაპირება ავტოფარეხების დაკანონებაზე შეუძლებელია. გარწმუნებთ, ალბათ, არ იცის, რომ არსებობს რამოდენიმე ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც ჩვენ შეგვიძლია საკუთრებაში გადავცეთ ადამიანებს ავტოფარეხი, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის განკარგულება, რომელიც ითვალისწინებს, რომ ქონება, რომელიც შენს მფლობელობაშია, სახელმწიფო ვალდებულია დაგიკანონოს. ასევე, ადგილობრივი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას შეუძლია მომართოს მუნიციპალიტეტს და მუნიციპალიტეტის პოლიტიკური გადაწყვეტილების შემდეგ, ეს ქონება აუცილებლად გადაეცემა იმ ადამიანს, ვისზეც დღეს არის დამაგრებული“, – განაცხადა კირკიტაძემ

წინა სტატიაში“ვგეგმავთ ორ მილიარდ 500 მილიონი ლარის ინვესტიციას ადგილობრივი წარმოების წასახალისებლად”
შემდეგი სტატიაქურდობის მცდელობა ტექნიკის მაღაზიაში- ჩამტვრეულია შუშები