“ვგეგმავთ ორ მილიარდ 500 მილიონი ლარის ინვესტიციას ადგილობრივი წარმოების წასახალისებლად”

gulis eleqsiri

ვგეგმავთ ორ მილიარდ 500 მილიონი ლარის ინვესტიციას ადგილობრივი წარმოების წასახალისებლად. დაახლოებით 1000-ზე მეტი საწარმო დაფინანსდება მომდევნო სამი წლის განმავლობაში და შეიქმნება მინიმუმ 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ონის მერობის კანდიდატის, სერგო ხიდეშელის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს პროგრამები და პროექტები გადანაწილდება ყველა რეგიონის მიხედვით და ყველა მუნიციპალიტეტის მიხედვით, ისე რომ არ იყოს მხოლოდ ერთ რეგიონში თავმოყრილი.

„რამდენიმე ახალი ინიციატივა გვაქვს ადგილობრივი წარმოების განსავითარებლად, მოგეხსენებათ, რომ წლების განმავლობაში, მას შემდეგ რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი, მიტოვებულ და დანგრეული იქნა, ჩვენივე ხელით დავანგრიეთ ქარხნები, ფაბრიკები, საწარმოები და ამან გამოიწვია ის კატასტროფა, რაც ჩვენ ყველამ ერთად მივიღეთ – ასობით ათასი ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე და მართლაც გაღარიბდა ჩვენი მოსახლეობა. ვიცი, რომ ძალიან ბევრი გაკეთდა, მაგალითად, მინდა აღვნიშნო, პროგრამა „დანერგე მომავალი“, რომლის ფარგლებშიც მხოლოდ 14 000 ჰექტარი ახალი ბაღები გაშენდა, მრავალწლოვანი კულტურები, ასევე ვენახებზე მინდა ვთქვა, დაახლოებით 6 500 ჰექტარი ახალი ვენახები გაშენდა კახეთში, ასევე რაჭაში გაშენდა დაახლოებით 600 ჰექტარი ახალი ვენახები. რა თქმა უნდა, ეს არი არის საკმარისი, კიდევ მეტი უნდა გავაკეთოთ, კიდევ მეტად უნდა დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას, იმისთვის, რომ დავძლიოთ სიღარიბე და შევქმნათ კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი, აი ეს უნდა იყოს ჩვენი მთავრობის, ჩვენი ხელისუფლების, როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მთავარი საზრუნავი, რომ მეტად დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას და ხელი შევუწყოთ განვითარებაში და ზოგადად ეკონომიკის გაძლიერებაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

წინა სტატიაშიღარიბაშვილი: თბილისიდან ონში ადამიანი სამ საათში ჩამოვა
შემდეგი სტატიადავით კირკიტაძის 100 დღის გეგმა: საკუთრებაში მიიღებენ სახელმწიფოს ხელთ არსებულ ქონებას