დასანანია, თუ მმართველი გუნდის პოზიცია აშშ-ს ელჩმა არასწორად გაიგო, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ არა რომელიმე მოსამართლეს, არამედ, სასამართლო ხელისუფლებას – სარჯველაძე

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ არა რომელიმე მოსამართლეს, არამედ, ზოგადად, სასამართლო ხელისუფლებას, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ აშშ-ის ელჩის განცხადებას, სადაც კელი დეგნანი აღნიშნა, რომ ოთხი ადამიანის დაცვა, რომლებზეც არის სანდო ინფორმაცია კორუფციულ ქმედებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, არ არის სოლიდარობა პროფესიონალი მოსამართლეების მიმართ.

სარჯველაძის თქმით, დასანანია, თუ მმართველი გუნდის პოზიცია აშშ-ს ელჩმა არასწორად გაიგო.

„შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლო სისტემა და საქართველოს სასამართლო სისტემა ცოტა განსხვავებული იყოს. შეერთებული შტატები საერთო სამართლის ქვეყნებს განეკუთვნება, კონტინენტური ევროპის სამართლებრივი სივრცის ნაწილია ქართული სასამართლო ხელისუფლება. შეიძლება, ასე მარტივი შესაფასებელი არ იყოს ელჩის გადმოსახედიდან, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ სასამართლო ხელისუფლება სხვა რაღაცას ნიშნავს და ინდივიდუალური მოსამართლის მიმართ სიმპათიის დაფიქსირება ან სოლიდარობა სხვა რამეს. ეს ყველას კარგად მოეხსენება. დასანანია, თუკი არასწორად იყო გაგებული ჩვენი პოზიცია ელჩის მიერ, მაგრამ შევეცდები ეს ყველაფერი ავხსნა. ჩვენ მხარს ვუჭერთ და სოლიდარობას ვუცხადებთ არა რომელიმე ცალკე აღებულ მოსამართლეს, არამედ ზოგადად, სასამართლო ხელისუფლებას. სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პატივისცემა სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა უპირველესად პოლიტიკოსების თავშეკავებულობას, რომ მათ არ აიღონ საკუთარ თავზე სასამართლოსთან მიმართებით იმაზე მეტის უფლება, ვიდრე ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია იძლევა. პირადად ვთვლი, რომ სასამართლო ხელისუფლებაში კონკრეტულ პირთა ავკარგიანობის სამართლებრივი შეფასება და ამაზე რეაგირება, რაც არის საგამოძიებო კომისიის ფუნქცია, ძირს გამოუთხრის სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას. სამომავლოდ შეიქმნება ძალიან მანკიერი პრეცედენტი, სასამართლოს ხელისუფლების და თითოეული მოსამართლის თავზე ჩამოკიდებული იქნება დამოკლეს მახვილი. ეს არ იქნება კარგი სასამართლო ხელისუფლებისთვის“, – განაცხადა სარჯველაძემ.

რაც შეეხება კელი დეგნანის მიერ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, სარჯველაძემ აღნიშნა, რომ „ეს საკითხი ზედმიწევნით სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს“.

„იურიდიულად თუ ვიმსჯელებთ, ამას აქვს ბევრი განზომილება, მათ შორის, სისხლის სამართლის საქმეს, რაც იყო იყო „ბიბისის“ ჟურნალისტურ გამოძიებაში. საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას და საგამოძიებო სტრუქტურებს ამ მიმართულებით ამ დრომდეც ბევრი საქმე აქვთ გაკეთებული. ბუნებრივია, რომ ამ საქმის გაგრძელება მოსალოდნელია. ეს საკითხები ზედმიწევნით რეგულირდება. ამისთვის მათ შორის გამოიყენება თანამშრომლობის საერთაშორისო სამართლებრივი ფორმატები. არ მგონია, ვინმეს სასაყვედურო ჰქონდეს პოლიციასთან ან პროკურატურასთან“, – განაცხადა სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაში„იტალიელ კოლეგასთან ერთად ხელს მოვაწერთ სტრატეგიული დიალოგის ფორმატს, რომელიც ახალ ნიშნულზე აიყვანს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს“-ილია დარჩიაშვილი
შემდეგი სტატია111 წლის წინ ტიტანიკი ჩაიძირა, 11 წლის წინ კი „ქართული ოცნება“ შეიქმნა და ესეც დიდი ტრაგედია იყო – ვაშაძე