დარწმუნებული ვართ, რომ ლადო კახაძე გაამდიდრებს საქართველოს პარლამენტს

„ლადოს კარგად იცნობს ყველა და წარდგენა რეალურად არ სჭირდება. დარწმუნებული ვართ, რომ ის გაამდიდრებს საქართველოს პარლამენტს“, – ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შეფასებისას გააკეთა.

ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მთაწმინდის რაიონში, ლადო კახაძე დადებითად დაახასიათა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.

მისი თქმით, მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით გუნდში საკმაოდ დიდხანს მიმდინარეობდა მსჯელობა და ეს მხოლოდ პოლიტიკაში დაბრუნებული ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება არ იყო.

“კვირების მანძილზე პარტიაში მიმდინარეობდა და შესაბამისად, ეს იყო პარტიის საერთო გადაწყვეტილება,” – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მერობის ის კანდიდატები დაასახელა, რომლებიც ზუგდიდის, ხულოს, ჭიათურის, მარნეულისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში დანიშნულ შუალედურ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას.

ზუგდიდში კენჭს გიორგი შენგელია, მარნეულში – ზაურ დარგალი, ზესტაფონში გიორგი გოგლიჩიძე, ჭიათურაში გივი მოდებაძე, ხოლო ხულოში ვახტანგ ბერიძე იყრის.

კანდიდატების წარდგენამდე “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს ჩატარდება.

banner
წინა სტატიაშიდე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში არჩევნები 9 ივნისს დაინიშნა
შემდეგი სტატიაპოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს