დარიალში საავტომობილო გზა გაიხსნა

დარიალში საავტომობილო გზა გაიხსნა. ხეობაში მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანთან მინდია ჯანელიძესთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, გიორგი სეთურიძესთან ერთად ადგილზე უწევს კოორდინაციას.

საავტომობილო გზაზე მოძრაობა ყველა ტიპის ავტოტრანსპორტისთვის დაშვებულია სპეციალური რეჟიმით. ავტომობილთა გადაადგილებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. კერძოდ, დილის 05:30 სთ-დან საღამოს 20:00 სთ-მდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია შემდეგი წესების დაცვით:

– აკრძალულია ერთდროულად, ორივე მხრიდან შემხვედრი მიმართულებით, სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

– ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში;

– ინტენსიური ნალექების შემთხვევაში, აიკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა (გარემოს ეროვნული სააგენტოდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე);

– საღამოს 20:00 სთ-დან დილის 05:30 სთ-მდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

მოძრაობა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე, დარიალის ხეობაში, 23 ივნისს 18:00 საათზე შეწყდა, როდესაც ძლიერი წვიმების შედეგად, დევდორაკის ხეობიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა გადაკეტა მდინარე თერგის კალაპოტი, რის შედეგადაც მდინარე თერგმა შეიცვალა მიმართულება. მოვარდნილმა წყალმა წაიღო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის დაახლოებით 800 მეტრიანი მონაკვეთი.

საავტომობილო გზის გახსნა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ 24-საათიანი მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი.

banner
წინა სტატიაშიპროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ფილმის გადაღებები განხორციელდება
შემდეგი სტატიაჯონ კერი – საქართველოში ჩამოვედი პრეზიდენტ ობამას გზავნილით, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს