დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში „სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსზე“ შეხვედრა გაიმართა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში დღეს მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა გაიმართა, სადაც „სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის“ შესახებ სასაუბროდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, არქიტექტორები, მშენებლობის დარგის ექსპერტები და განათლების სფეროს წარმომადგენლები იყვნენ მოწვეული.

კანონპროექტი „სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის“ შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში შემოვიდა განსახილველად. სპეციალისტთა შორის კამათს და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს დოკუმენტში გამოყენებული მთავარი ცნებების „სივრცითი მოწყობა“, „არქიტექტურა“ და „მშენებლობა“ ურთიერთდაკავშირება, მათი ადგილი და როლი დოკუმენტში, ასევე მათი პრაქტიკული მნიშვნელობა.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განმარტებით, „ეს არის კანონი, რომელსაც ფართომასშტაბიანი კონსენსუსი სჭირდება, ამიტომ გადავწყვიტეთ სფეროს წარმომადგენელთა შორის საყოველთაო შეთანხმების მისაღწევად მოგვესმინა მათი მოსაზრებები. დღევანდელი შეხვედრის მიზანია, რომ ამ რადიკალურად განსხვავებულ პოზიციებში გავერკვეთ სად არის სიმართლე. ჩვენ დღეს მივაღწიეთ იმას, რომ უკვე გვაქვს ხედვა, თუ როგორ დავაახლოვოთ ეს პოზიციები“.

ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, რომ დოკუმენტზე მუშაობა გაგრძელდება, კომპეტენტური სპეციალისტები უახლოეს დღეებში კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და იმსჯელებენ კოდექსის ოპტიმალურ ვარიანტად ჩამოყალიბების თაობაზე, რის შემდეგაც დოკუმენტის განხილვა პარლამენტში გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიმცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
შემდეგი სტატიაქვემო ქართლში სპეცოპერაცია მიმდინარეობს