დაიშლება თუ არა ფრაქცია – „პატრიოტთა ალიანსიდან” ნატო ჩხეიძის წასვლას დეპუტატები ეხმაურებიან

ნატო ჩხეიძის მიერ „პატრიოტთა ალიანსის“ დატოვებას დეპუტატები ეხმაურებიან. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციის შენარჩუნების საკითხს ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს.

ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ საპარლამენტო უმრავლესობის რომელიმე წევრი შეუერთდეს.

„პატრიოტთა ალიანსი“ არის „ქართული ოცნების“ სატელიტი პარტია და ლოგიკურია, რომ იმ ოჯახის წარმომადგენელს, იმ ბიზნესის წარმომადგენელს, რომელსაც პრობლემები შეექმნა ბიძინა ივანიშვილთან, მათი ადგილი აღარ არის „პატრიოტთა ალიანსში“, თუმცა დაიშლება თუ არა ფრაქცია, ეს უნდა ვნახოთ, იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“, ალბათ, არ აწყობს, მისმა სატელიტმა პარტიამ დაკარგოს საპარლამენტო ფრაქცია. არ გამიკვირდება, თუ მას შესთავაზებენ ალტერნატივას უმრავლესობიდან,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

ოპოზიციის წარმომადგენლები „პატრიოტთა ალიანსს“ „ქართული ოცნების“ სატელიტ პარტიას უწოდებენ.

„პატრიოტთა ალიანსის“ ის დეპუტატები, რომლებიც პარლამენტში დარჩებიან, ან რომლებიც იქნებიან, როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები, ზუსტად ისევე გააგრძელებენ „ქართული ოცნების“ თამაშის გაგრძელებას, როგორც აქამდე აკეთებდნენ. ეს პოლიტიკური ჯგუფი პარლამენტში „ქართულმა ოცნებამ“ შეიყვანა თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, მათ სჭირდებათ რადიკალურად განწყობილი ულტრაშოვინისტური აზრების და საქართველოსთვის დამღუპველი აზრების მქონე პოლიტიკური ჯგუფი,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ პარლამენტს ჰყავს ძლიერი მმართველი გუნდი და შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს ძლიერი ოპოზიცია სჭირდება.

„პარლამენტს ჰყავს ძლიერი უმრავლესობა და პარლამენტს სჭირდება ძლიერი ოპოზიცია. ოპოზიციასთან ბევრ საკითხზე გვაქვს დებატი, განხილვები, ამ შემთხვევაშიც ვფიქრობ, რომ ეს ის საკითხია, რომელზეც ოპოზიციის ლიდერებმა კომენტარი უნდა გააკეთონ,“- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაში,,ინტერესით ველოდები „იბერიასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერებზე გამოძიების შედეგებს”
შემდეგი სტატიაძალიან ზედაპირზეა ეს ყველაფერი, რომ ინტერესი არის ბატონი ივანიშვილის – ადა მარშანია “ომეგას” საქმეზე