დაცული ტერიტორიების სააგენტო – ბალდის კანიონის ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შეფასების მიზნით მისული ექსპერტთა ჯგუფი აქტივისტებმა არ შეუშვეს

დღეს ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასების მიზნით შექმნილი დროებითი კომისიის წევრები პროტესტის ჯგუფის აქტივისტებმა ადგილზე არ შეუშვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

როგორც სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, შესაბამისად, კომისიის წევრებს, შესაბამის ექსპერტებსა და საკითხით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ მიეცათ შესაძლებლობა, ადგილზე გასცნობოდნენ არსებულ ვითარებას და შეეფასებინათ პროექტის გარემოზე ზემოქმედება, რაც, თავად საპროტესტო ჯგუფის მიერ იყო მოთხოვნილი.

„სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ჯგუფის მხრიდან, რომელიც აპროტესტებს ბალდის კანიონის პროექტს, მსგავს დესტრუქციულ ქმედებას უკვე არაერთხელ ჰქონდა ადგილი. ჩაიშალა ქალაქ მარტვილში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა, ასევე, ბალდის კანიონის მიმდებარედ, მდინარე აბაშის დათევზიანების გეგმური ღონისძიების შემდეგ, გზა გადაუკეტეს და ცილისმწამებლური ბრალდებებით პროვოკაციის მოწყობას შეეცადნენ.

მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პროექტის მასშტაბებიდან გამომდინარე, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის შემუშავების ვალდებულება სამინისტროსა და სააგენტოს არ ჰქონდა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და დაცული ტერიტორიების საკონსულტაციო საბჭოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და დაცული ტერიტორიების სააგენტომ მიიღეს გადაწყვეტილება, ექსპერტების ჩართულობით, მოეხდინათ ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასება, რაც სამწუხაროდ, რადიკალური ჯგუფის ქმედებების გამო, ვერ განხორციელდა.

უნდა აღინიშნოს, რომ დღესაც, ისევე, როგორც წინა ორ შემთხვევაში, პროტესტის მონაწილეთა მხრიდან, ადგილი ჰქონდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლების მიმართ პროვოკაციულ ქმედებას. უნდობლობას უცხადებდნენ ადგილზე მყოფ დარგის სპეციალისტებს და არ მისცეს საშუალება განეხორციელებინათ ტერიტორიის შესწავლა და შეფასება“, – აღნიშნულია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციაში.

ამასთან, სააგენტროში აცხადებენ, რომ შეასრულებენ აღებულ ვალდებულებას და ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასებას განახორციელებენ.

„დაცული ტერიტორიების სააგენტო მიუღებლად მიიჩნევს აღნიშნულ რადიკალურ ქმედებებს და პროტესტის გამოხატვის მსგავს ფორმას, რაც ხელს უშლის კონსტრუქციულ დიალოგს და შედეგზე ორიენტირებული საქმიანობის წარმოებას.

დღეს, კიდევ ერთხელ, ნათლად გამოჩნდა, რომ აღნიშნული ჯგუფი მიზანმიმართულად ცდილობს, ხელი შეუშალოს ბალდის კანიონის პროექტის განვითარებას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა დღეს გამოიჩინეს მაღალი პასუხისმგებლობა, თავიდან აიცილეს სიტუაციის ესკალაცია და ტერიტორიაზე არ შევიდნენ. მიუხედავად ამისა, პროცესი აუცილებლად გაგრძელდება, სააგენტო შეასრულებს აღებულ ვალდებულებას და ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასებას განახორციელებს.

ბალდის კანიონის განვითარების პროექტის მიზანია, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, დამატებითი მიზიდულობის ცენტრის შექმნა სამეგრელოს რეგიონში, პირველი როლერის ატრაქცია საქართველოში (კავკასიაში), რომლითაც სრულად სარგებლობას შეძლებენ შშმ პირები.

შესაბამისად, ამ მართლაც უნიკალურ ადგილს, რომლის უდიდესი ნაწილი ვიზიტორისათვის მიუწვდომელია, მთელი ქვეყანა და მსოფლიო გაიცნობს. ამასთანავე, ეს პროექტი ადგილობრივების ცხოვრებაზე იქონიებს მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას, ისევე როგორც ეს მოხდა მარტვილის კანიონისა და სხვა ბუნების ძეგლების შემთხვევაში, რომელთა განვითარებაზეც წლების განმავლობაში მუშაობს დაცული ტერიტორიების სააგენტო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიამბავი იმისა, როგორ გახდნენ „ქოცები“ ქოსატყუილას პროტოტიპები პოლიტიკაში
შემდეგი სტატიააშშ უკრაინაში სამხედროებს არ გაგზავნის – სახელმწიფო დეპარტამენტი