ამბავი იმისა, როგორ გახდნენ „ქოცები“ ქოსატყუილას პროტოტიპები პოლიტიკაში

წალენჯიხის მერიის ორი თანამშრომლის ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებამ „ოცნებას“ ფრთები ისე შეასხა, ხელისუფების ფანტაზია კოსმოსს გასცდა. მართალია, ბევრმა იკითხა, კორუფციას თუ ებრძვიან, ეს კორუფცია მხოლოდ ოპოზიციურ მუნიციპალიტეტშია, თუ სხვაგან ვერ აკავებენო, მაგრამ ეგ სხვა მასალის თემაა.

ასე, მაგალითად, ვინმე დ. ბელქანია, რომელიც წალენჯიხის საკრებულოს დეპუტატი „ოცნების“ სიით გახდა, უტიფრად ამტკიცებს, რომ წალენჯიხის მერი და მისი მოადგილეები არ მუშაობენ.
პარლამენტის დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა კი განაცხადა, რომ თითქოს, წალენჯიხის მერს, გია ხარჩილავას მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.
„ქოსატყუილა“ – ასე ქვია ერთ გენიალურ ქართულ ხალხურ ზღაპარს. ჰოდა, ბელქანია, ღუდუშაური და სხვა „ქოცებიც“ სწორედ ამ ზღაპრის მთავარი პერსონაჟის, ანუ ქოსატყუილას პროტოტიპია.

დიახ, ძვირფასო „ქოცებო“, შუბლის ძარღვი კარგა ხნის წინ რომ გაგიწყდათ, ეს გადასარევად ვიცით, მაგრამ ასეთი მატყუარებიც თუ იქნებოდით, ძნელი წარმოსადგენი იყო. რომ დგახართ და პირი მოგიღიათ, წალენჯიხის მერს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია და მერის მოადგილეები სამსახურში არ დადიანო, თქვენც ხომ იცით, რომ იტყუებით და ამის გამო, მინიმუმ, ცხვირი გაგეზრდებათ?

ისე, პოლიტყუილების გამო მხოლოდ ცხვირი კი არა, ყურებიც გაზრდილი გაქვთ. აი, თვალები კი, როგორც ყველა მატყუარას, ისე დაგიწვრილდათ, რომ ვეღარაფერს ხედავთ, თორემ თქვენც კარგად იცით, რომ ხარჩილავამ მომხდარზე კომენტარი სოციალური ქსელით გამოაქვეყნა.

აი, მაგალითად, მისი მოადგილე თამარ ბელქანია კი სამსახურში იმიტომ არ იყო, რომ კლინიკაში იწვა – ოპერაცია გაიკეთა.

და თუ არ იცით და არ გინახავთ გია ხარჩილავას განცხადება – ეგ უარესი, გამოდის ამ პარლამენტარ ღუდუშაურს არც დამხმარე ჰყავს, არც ფრაქციაში ურჩევს ვინმე რამეს, არც ფრაქციის პიარი აწვდის ინფორმაციას, არც მედიას ეცნობა – აბა, რას აკეთებს? დადის სხდომებზე და ილანძღება? დადის სხდომებზე და იტყუება? რაღა იმას მიახტება ხოლმე დასაკომენტარებლად, რაც არ იცის, თუ არაფერი იცის და სულ ერთია რაზე ილაპარაკებს?

ერთი სიტყვით, „ქოცებო“, ნევროლოგი ვეღარ გიშველით, ამიტომ, გირჩევთ, ფსიქიატრს მიაკითხოთ და „ლუმინალი“ მოითხოვოთ – იქნებ, ცოტა დამშვიდდეთ.

ისე, რომ იცოდეთ, ის ადამიანები, რომლებიც კორუფციის ბრალდებით დააკავეს, თქვენს დროს გახდნენ მერიის თანამშრომლები. ყველა რომ დაეთხოვა ახალ მერს, მერე გენახათ ბრალდებები, პარტიული ნიშნით გაუშვა ხალხი სამსახურიდანო. ხოდა, გამოდის, რომ საჯარო უწყებები ქრთამისკენ მიდრეკილი ხალხით თქვენ გამოტენეთ.
ასე რომ, ახლა თქვენი სუსი აღარ გავიგოთ და ენაც დაიმოკლეთ, თორემ ხალხმა ყველაფერი იცის!

banner
წინა სტატიაშიჩხოროწყუში ხანძარია – ცეცხლი ეკალ-ბარდებს უკიდია (ვიდეო)
შემდეგი სტატიადაცული ტერიტორიების სააგენტო – ბალდის კანიონის ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შეფასების მიზნით მისული ექსპერტთა ჯგუფი აქტივისტებმა არ შეუშვეს