დაჩი ცაგურია ნიკა გვარამიას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს და გამოძიების დაწყებას ითხოვს

დაჩი ცაგურია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს და მისი მისამართით გაკეთებული განცხადების თაობაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

ამ მოთხოვნით ცაგურიამ მთავარ პროკურატურას განცხადებით უკვე მიმართა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინ პირდაპირ ეთერში ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ცაგურია არჩევნებთან დაკავშირებით სამტრედიაში კრიმინალურ ავტორიტეტებთან იყო კავშირზე. ცაგურიას თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

„გვარამიას გუშინდელ სიცრუესთან დაკავშირებით, სადაც მან ცილი დამწამა, რომ თითქოს მე რაღაც კავშირი მაქვს კრიმინალურ სამყაროსთან, მათ „სკაიპის“ მეშვეობით ვესაუბრები და ფულს ვთავაზობ, ამ ბოდვაზე მე მივმართე მთავარ პროკურატურას. განცხადება, რომელიც გვარამიამ გააკეთა, ვთვლი, რომ შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს და ეს საკითხი აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული.

ნიკა გვარამია ამ ეთერში საუბრობდა გარკვეულ საფრთხეზე, რომელიც თითქოს ქურდული სამყაროსგან მემუქრება, რაც აბსურდია. არანაირი ქურდული სამყაროს წევრებთან კავშირი არ მქონია, ერთადერთი საფრთხის შესახებ თუ ვსაუბრობთ, მიმაჩნია, რომ ეს საფრთხე შეიძლება მოდიოდეს გვარამიასგან და მისი პარტიისგან. ისინი ცდილობენ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას“,- განაცხადა ცაგურიამ.

ცაგურია არ გამორიცხავს, რომ მის წინააღმდეგ პროვოკაციები დაგეგმონ და გვარამიას ეს განცხადება, როგორც ცაგურია ამბობს, შესაძლოა, ამ პროვოკაციის წინაპირობა იყოს.

„არ გამოვრიცხავ, რომ დაგეგმონ გარკვეული პროვოკაციები, მათ შორის ჩემს წინააღმდეგ და ეს განცხადება შეიძლება იყო წინაპირობა, რომ მერე თქვან, ვიღაცამ რაღაც დამიშავა. არანაირი კონფლიქტი და გაუგებრობა არ მაქვს ვინმესთან და არც რაიმე კავშირი მაქვს ქურდული სამყაროს წევრებთან“,- აცხადებს დაჩი ცაგურია.

banner
წინა სტატიაშიმოკლული გოგონას ოჯახის ადვოკატი – არსებობს გარყვნილი ქმედების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა
შემდეგი სტატია,,შვქმნით მესამე პოლიტიკურ ცენტრს, რომელსაც მხარს დაუჭერენ ის ადამიანები, ვისაც არც მიშა უნდათ და არც ბიძინა”