,,შვქმნით მესამე პოლიტიკურ ცენტრს, რომელსაც მხარს დაუჭერენ ის ადამიანები, ვისაც არც მიშა უნდათ და არც ბიძინა”

ბიძინა ივანიშვილს, თუნდაც ნახევარი რომ დაეჯერებინა ჩემთვის, დღეს ამ მდგომარეობაში არ იქნებოდა, ისევე, როგორც თავის დროზე სააკაშვილს რომ დაეჯერებინა, მისი ხელისუფლება არ გადაჰყვებოდა იმ შეცდომებს, რომელიც დაუშვა თავისი მმართველობის ბოლო წლებში, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

როგორც „დემოკრატიული მოძრაობიდან“ იუწყებიან ნინო ბურჯანაძე, თანამოზარეებთან ერთად მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნას აპირებს, რომელსაც მხარს დაუჭერენ ის ადამიანები, ვისაც არც „მიხეილ სააკაშვილი უნდათ და არც ბიძინა ივანიშვილი“.

„სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილი დღეს მიხვდა, რა გააკეთა. სამწუხაროა, რომ 6 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი მებრძოდა მე და ჩემს პარტიას და არა „ნაციონალურ მოძრაობას“. სწორედ ბიძინა ივანიშვილმა აქცია „ნაცინალური მოძრაობა“ მთავარ ოპოზიციურ ძალად. შუა გაკრეფვის პოლიტიკა იყო მისი ძალიან დიდი შეცდომა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

როგორც „დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ ვიდეო-მიმართვას, ნინო ბურჯანაძე იმედგაცრუებული ლიდერის გამოსვლად აფასებს, თუმცა აცხადებს, რომ გაცილებით მნიშვნელოვანი ბიძინა ივანიშვილის 6-წლიანი მმართველობით იმედგაცრუებული საზოგადოებაა.

„ის, რაც ივანიშვილმა დღეს აღიარა, არის იმის განმეორება, რასაც 6 წლის განმავლობაში მე ვეუბნებოდი მას, თავიდან საკმაოდ დელიკატურად, შემდეგ უფრო მკვეთრად, ბოლოს უკვე ძალიან მკაცრად. სამწუხაროდ, მან და მისმა გუნდმა ეს ვერ შეისმინეს, მანამ, სანამ ქართველმა ხალხმა სილა არ გააწნა.

განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 1 წელიწადში, თურმე ყველა პრობლემას მოაგვარებს, სკეპტიციზმის საფუძველს იძლევა. არ მინდა არავის ნიშნი მოვუგო, რადგან უპირველეს ყოვლისა ქვეყნის საქმე დაზარალდა, მაგრამ ივანიშვილს, თუნდაც ნახევარი რომ დაეჯერებინა ჩემთვის, დღეს ამ მდგომარეობაში არ იქნებოდა, ისევე, როგორც თავის დროზე სააკაშვილს რომ დაეჯერებინა, მისი ხელისუფლება არ გადაჰყვებოდა იმ შეცდომებს, რომელიც დაუშვა თავისი მმართველობის ბოლო წლებში. არც ერთი ჩემი პროგნოზი არ გამტყუნებულა და ჩემი შემდეგი პროგნოზი იქნება, რომ მე და ჩემი თანამოაზრეები შვქმნით მესამე პოლიტიკურ ცენტრს, რომელსაც მხარს დაუჭერენ ის ადამიანები, ვისაც არც მიშა უნდათ და არც ბიძინა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიდაჩი ცაგურია ნიკა გვარამიას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს და გამოძიების დაწყებას ითხოვს
შემდეგი სტატიამცირეწლოვანმა გოგონამ ოჯახის წევრებთან ერთად პოლიციის შენობა დატოვა