ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საუბარია 2 აპრილს, შუახევში მომხდარ მკვლელობაზე.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 აპრილს, შუახევის მუნიციპალიტეტში ბრალდებულმა, რომელსაც მიაჩნდა, რომ მისი მეუღლის ცხოვრების წესი არ შეესაბამებოდა კულტურულ, ტრადიციულ ნორმებს და ხელყოფდა მის ღირსებას, გენდერის ნიშნით დაზარალებულს ბასრი საგნით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა.

გარდაცვლილი ქალის ცხედარი შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნენიის ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 აპრილს სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საავადმყოფოში დააკავეს. დაკავებამდე ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.” აცხადებს პროკურატურა.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე – დაანებეთ ფეხბურთელებს თავი – ფეხბურთელებსაც ვთხოვ: ბიჭებო, მიხედეთ იმ ძალიან მაგარ საქმეს, რაშიც ჩემპიონები ხართ
შემდეგი სტატიალაზარე გრიგორიადისის განაჩენს ხვალ გამოაცხადებენ