ცნობილმა ბრიტანელმა რეჟისორმა ფილმების გადასაღებად ხელსაყრელი ლოკაციები დაათვალიერა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ქეთევან ბოჭორიშვილი ცნობილ ბრიტანელ რეჟისორს მარტა ფაინსსა და პროდუსერ დეტმარ ბლოუსს შეხვდა. რეჟისორი და პროდუსერი საქართველოს თბილისის კინოფესტივალის ფარგლებში ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა ფილმების გადასაღებად ხელსაყრელი ლოკაციები დაათვალიერეს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული კინოინდუსტრიის ხელშემწყობი ღონისძიებების გაცნობის მიზნით, ქეთევან ბოჭორიშვილმა სასტუმრო “ვინოტელში” გამართულ შეხვედრაზე სტუმრებს საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა გააცნო, რომლის მიზანია მოახდინოს საქართველოს, როგორც საერთაშორისო კინოს გადასაღებად სასურველი ლოკაციის პოპულარიზაცია.

როგორც ქეთევან ბოჭორიშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო პროგრამას “აწარმოე საქართველოში” ახალი კომპონენტი ემატება, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოში უცხოელი კინომწარმოებლების შემოყვანა, მათი დაინტერესება და გამოცდილების გაზიარება.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე გაიმართა 20%-იანი ე.წ “ჩასჰ რებატე სისტემის” პრეზენტაციაც, რომელიც, მსოფლიო პრაქტიკაზე დაყრდნობით, კინოგადაღებისას ქვეყანაში დახარჯული ბიუჯეტის 20%-ის პროდიუსერისათვის დაბრუნებას გულისხმობს. ქეთევან ბოჭორიშვილის შეფასებით, ეს წარმოადგენს სტიმულს ბევრი აღიარებული, საერთაშორისო რეჟისორისა თუ პროდიუსერისათვის, რომ ჩავიდნენ ახალ ქვეყანაში და გამოიკვლიონ მისი პოტენციალი.

საქართველოში კინოწარმოების პროგრამის ხელშეწყობას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და სსიპ ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრთან ერთად.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტი კორექტირებული ბიუჯეტის განხილვას იწყებს
შემდეგი სტატიაშშმ პირთა მხარდაჭერის საქმეში შეტანილი წვლილისთვის პირველ ლედის სიგელი გადასცეს