ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული 69 წლის მამაკაცი კლინიკაშია მოთავსებული

ოკუპანტების მიერ გატაცებული სოფელ კოშკას მკვიდრი, 69 წლის ამირან გუგუტიშვილი ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს.

ამირან გუგუტიშვილი, ქართველ სამართალდამცველებს ერგნეთში ჯარიმის გადახდის შემდეგ გადასცეს.

გუგუტიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, კლინიკა „გორმედშია“ მოთავსებული.

კლინიკის ქირურგიული დეპარტამენტის უფროსის მერაბ მაისურაძის განცხადებით, პაციენტი ცხინვალის იზოლატორიდან ტვინის შერყევით და სხეულის დაჟეჟილობით მოიყვანეს.

„მოყვანილია ცხინვალის იზოლატორიდან, სადაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია, სათანადო კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები და მაგნიტორეზონანსული გამოკვლევა ჩაუტარდა.

დაუდგინდა თავის ტვინის შერყევა და სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა. გადის მკურნალობის კურსს და მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა მერაბ მაისურაძემ.

გათავისუფლებული ამირან გუგუტიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პოლიციას არ დაუკითხავს.

ამირან გუგუტიშვილი რამდენიმე დღის წინ , ფიჩხის შეგროვების დროს, საკუთარ ბაღში დააკავეს. მას ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთა ედებოდა.

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიამეუფე პეტრე პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს