ცინიკურია შეფასება, რაც ხელისუფლებას აქვს, თითქოს სამი საათის განმავლობაში ჩემი ხოტორა თავი ვერ იცნეს

ცინიკურია შეფასება, რაც ხელისუფლებას აქვს, თითქოს სამი საათის განმავლობაში ჩემი ხოტორა თავი ვერ იცნეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ნიკა მელიამ განუცხადა, რომელიც მის თაობაზე სახალხო დამცველის ანგარიშში არსებულ ჩანაწერს გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, დავით სარალიძესთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე მკვლელების დასჯას ითხოვდნენ, მისი დაკავება კი, შს მინისტრის, გიორგი გახარიას დავალებით განხორციელდა.

„სამი საათის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ნიკა მელია და დეპუტატი ვიყავი. აქაც ჩანს, რამდენად უსუსურები არიან, ტყუილსაც კი ვერ ამბობენ. ეს ყველაფერი მხოლოდ საკუთარი თავის დაცინვაა. ქვეყანაში არანაირი გამოძიების იმედი არ შეიძლება არსებობდეს მაშინ, როცა პროკურორად ივანიშვილის ადვოკატი მუშაობს. ივანიშვილმა საქმეები მის საწინააღმდეგოდ რატომ უნდა გამოიძიოს? – ამდენად ჭკუასუსტი არ არის, რომ ეს გააკეთოს“, – განაცხადა მელიამ.

სახალხო დამცველის ანგარიშში ნათქვამია, რომ კანონმდებლობით, დაუშვებელია პარლამენტის წევრის დაკავება, ამის მიუხედავად კი, ადგილი ჰქონდა პოლიციის თანამშრომელთა მიერ პარლამენტის წევრის, ნიკა მელიას ადმინისტრაციული წესით დაკავების ფაქტს.

ომბუდსმენის ცნობით, პოლიციის თანამშრომლებს მოქმედი დეპუტატის სტატუსის დასადგენად არაგონივრული დრო, რამდენიმე საათი დასჭირდათ მაშინ, როცა პარლამენტის ვებგვერდზე ინფორმაციის გადამოწმება ადგილზეც შესაძლებელი იყო და დაკავებულის განყოფილებაში რამდენიმე საათით გადაყვანას არ მოითხოვდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში აუტიზმის ეროვნული ცენტრი აშენდება
შემდეგი სტატიაღონისძიებაზე, რომელსაც მამუკა ბახტაძე ესწრებოდა ევაკუაცია გამოცხადდა